ქართული გამომცემლობები და მწერლები 2024 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წელსაც დამოუკიდებელი სტენდითა და კონცეფციით წარდგნენ. ევროპის უდიდეს წიგნის ბაზრობაზე წელს საქართველოს სლოგანია: "განსხვავებულები - საერთო მიზნისკენ".
როგორც ორგანიზატორები "რადიო თავისუფლებასთან" აცხადებენ: საერთო მიზანი - ევროინტეგრაციისკენ მისწრაფებაა, ხოლო ქართული ლიტერატურა, ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილი.
საქართველოს სახელით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში მონაწილეობს ოთხი დიდი ქართული გამომცემლობა: სულაკაურის, არტანუჯი, ინტელექტი და პალიტრა L.
საქართველოს მწერალთა სახლი, რომელსაც ასზე მეტი ავტორი, გამომცემელი, მთარგმნელი და ლიტერატორი მეორე წელია ბოიკოტს უცხადებს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, შარშანდლის მსგავსად, ისევ არ მონაწილეობს.
როგორც "რადიო თავისუფლება" წერს კითხვაზე, რატომ თქვეს უარი ევროპის უდიდეს წიგნის ბაზრობაში მონაწილებაზე, სადაც სწორედ ქვეყნები წარადგენენ თავიანთ ლიტერატურას და არა ცალკეული გამომცემლობები, მიიღეს პასუხი, რომ მწერალთა სახლს ახლა "სხვა პრიორიტეტები აქვს" და, რომ "ემზადებიან სხვა ქვეყნების ლიტერატურულ ფესტივალებში მონაწილეობისათვის, სადაც საქართველო ჯერ მიწვეული არ ყოფილა". რომელია ეს ქვეყნები და ფესტივალები, რომლებისთვისაც მწერალთა სახლი ემზადება, ჯერ უცნობია.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში უდიდესი წიგნის ბაზრობაა, რომელშიც ყოველწლიურად ათასობით გამომცემელი და ავტორი მონაწილეობს. წელს ბაზრობა 16-20 ოქტომბრის პერიოდში იმართება.