დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ მასშტაბურ ღონისძიებას რეგიონებიდანაც უერთდებიან. რეგიონებიდან თბილისში ის ადამიანები ჩამოვლენ, რომლებიც თვლიან, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია საფრთხეშია და პრორუსი ოლიგარქი ქვეყანას წარსულში, რუსეთის პირისპირ ტოვებს.
გორის ანტისაოკუპაციო "რესტო-ბარის" დამფუძნებელი, იოსებ ბაბაევი ევროპულ მარშში მონაწილეობის მსურველებს დედაქალაქში უფასო ტრანსპორტირებას სთავაზობს. მარშს უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ისინი ვინც რუსეთმა საკუთარ ქვეყანაში დევნილებად აქცია.
"მოვუწოდებ გორელებს, მოქალაქეებს, ვისაც არ აქვს საშუალება და ვისაც აქვს სურვილი წავიდეს დღეს თბილისში ევროპის მარშზე, მოვუწოდებ მოვიდნენ "ბლექ სტარტთან" ჩვენ "რესტო-ბართან" და აქ შევგროვდებით და აქედან, უფასოდ, ჩვენი ხარჯებით ჩავიყვანთ ამ ხალხს. დღეს ეს იქნება მაჩვენებელი, ინდიკატორი მსოფლიოსთვის, უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, ცივილურ სამყაროს, რომ ხალხი ემიჯნება რუსულ მთავრობას, ხალხი არის პროევროპული განათლებისთვის, პროევროპული მომავლისთვის და პროევროპული ღირებულებებისთვის," - ამბობს იოსებ ბაბაევი.
მოქალაქეები გორში შეკრებას 14:00 საათისთვის დაიწყებენ და მიკროავტობუსებით თბილისისკენ დაიძვრებიან.
გორიდან მოქალაქეების ტრანსპორტირებაზე, დღეს, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიც იზრუნებენ.