3 დღის წინ, კახა კალაძის მიერ გახსნილი 40 მილიონიანი სკვერის ნაწილი დაიტბორა. ვიდეოს ამის შესახებ "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს, სადაც მიწის და ტალახის მასა, ჩანს რომელიც სკვერში მოედინება.
თემქის ხევის ტერიტორიაზე გაშენებული პარკი თბილისის მერმა საზეიმო ვითარებაში 20 ოქტომბერს, წინასაარჩევნოდ გახსნა. პარკი 25 ჰექტარზეა გაშენებული და მისი რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 40 მილიონი ლარი დაიხარჯა.
მერიის განმარტებით პარკში ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე.
"სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო მასალის საპასუხოდ გაცნობებთ, რომ ზღვისუბნის პარკში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე.
შემთხვევის შესახებ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ აცნობეს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (GWP) და წყალი რამდენიმე წუთში გადაიკეტა.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს წყლის მილის შეკეთება და ტერიტორიის დასუფთავება," - წერია თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის განცხადებაში.