ისტორიულ არჩევნებამდე ერთი დღეა დარჩენილი. გაზრდილი მოთხოვნის გამო, საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე ბილეთები დეფიციტურია. შექმნილ პრობლემას მოქალაქეები უპრეცედენტო სოლიდარობითა და ერთიანობით პასუხობენ. პლატფორმა 26-ის გარშემო გაერთიანებულმა მოქალაქეებმა საკუთარი ძალებით დაიწყეს ტრანსპორტის მობილიზება. პირველი რეისები რესპუბლიკის მოედნიდან რეგიონების მიმართულებით დღესვე გავა. სხვა მოხალისეები კი საკუთარი ავტომობილით სთავაზობენ დახმარებას იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობისთვის, რეგისტრაციის მისამართზე, რეგიონში წასვლა უწევთ.
"ათასზე მეტი ადამიანი მარტო დღეს გაემგზავრება ამ ადგილიდან, იმისთვის რომ ჩავიდეს, მისცეს ხმა და მოიხადოს თავისი მოქალაქეობრივი ვალი. არის ძალიან მაგარი განწყობა და წარმოუდგენელია, გუშინ მთელი ღამე გავათენეთ იმდენი ადამიანი ცდილობს რომ წავიდეს და ვცდილობთ რომ არცერთი ადგილი არ დარჩეს თავისუფალი და აუცილებლად მივაღწევთ ამ ყველაფერს" - განაცხადა პლატფორმის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბაჩანა შენგელიამ.
პლატფორმის წარმომადგენლების განცხადებით, რეგიონების მიმართულებით ტრანსპორტი დღეს და ხვალ დღის განმავლობაში რამდენჯერმე რესპუბლიკის მოედნიდან, ველოსიპედის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან გავა. 12:30 საათზე რესპუბლიკის მოედანზე პირველი ავტობუსი დადგება, რომელიც 50 მგზავრს ზუგდიდში წაიყვანს.
პლატფორმა ოცდაექვსი შესაბამის სარეგისტრაციო ფორმასაც ავრცელებს.https://forms.gle
პლატფორმის წარმომადგენლების განცხადებით, მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით ტრანსპორტირების გარდა, რეგიონების მიმართულებით მიდიან მოხალისე მძღოლებიც მსუბუქი ავტომობილებით.
გარდა საქართველოს რეგიონებისა პლატფორმა "ოცდაექვსი" დახმარებას უწევს საზღვარგარეთ მცხოვრებ ემიგრანტებსაც. რომლებსაც ხმის მისაცემად სხვა ქალაქებში უწევთ წასვლა.
ავტორი: დავით კობიძე