მოქალაქეების უპრეცედენტო მზადება არჩევნებისთვის | დღეს დილიდან, ევროპული იდეის გარშემო გაერთიანებული ამომრჩევლები რეგიონებში ერთმანეთის თანადგომით მიდიან

გამოქვეყნდა:

მშობლები შვილების, შვილები კი მათი უკეთესი მომავლისათვის გადამწვეტ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ისევ ერთიანდებიან. საქართველოს ევროპული იდეის დასაცავად დედაქალაქი დღეს ასობით ადამიანმა დატოვა და რეგიონებში საკუთარი ხმის დასაფიქსირებლად გაემგზავრა. 

სამოქალაქო საზოგადოებას გააზრებული აქვს, რომ ახლა ყველა ხმა გადამწყვეტია. სწორედ ამომრჩეველთა დიდი რაოდენობაა იმის გარანტი, რომ არჩევნების გაყალბება და შედეგებით მანიპულაცია ვერავინ შეძლოს. 

იმის გამო, რომ რეგიონში წამსვლელთა რაოდენობა დიდია, საქალაქთაშორისო ტრანსპორტში კოლაფსი შეიქმნა. მატარებლის, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ბილეთები დეფიციტშია. სამოქალაქო საზოგადოებამ კი პრობლემას სოლიდარობის არნახული მაგალითით უპასუხა. "პლატფორმა 26"-ის გარშემო გაერთიანებულმა სამოქალაქო მოძრაობებმა და მოქალაქეებმა თბილისიდან რეგიონებში ხალხის ტრანსპორტირებისთვის  ავტობუსები საკუთარი ხარჯით იქირავეს.

დღეს რესპუბლიკის მოედანი არ იყო ერთადერთი ლოკაცია, სადაც რეგიონებში ხმის მისაცემად მიმავალი მოქალაქეები იკრიბებოდნენ. დილიდან ხალხმრავლობა იყო ავტოსადგურებში. ადამიანებით სავსე ათობით ავტობუსი და მიკროავტობუსი დედაქალაქიდან სხვადასხვა რეგიონში ერთი მისიით წავიდა. 

ამომრჩევლები ხვალინდელი დღისთვის აქტიურად ემზადებიან საზღვრებს მიღმაც. "პლატფორმა 26" უბნებზე მისასვლელად ემიგრანტებსაც დაეხმარება.

დღეს თითქმის არც ერთი ავტომობილი თბილისიდან ცარიელი არ გასულა. ევროპული იდეის გარშემო დარაზმული ათასობით მოქალაქე , რომელმაც თბილისი უკვე დატოვა, ხვალ დილიდან საარჩევნო უბნებზე მივა.

ავტორი: დავით კობიძე

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი