მიტაცებული ხმების დასაბრუნებლად ბრძოლას იწყებენ საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიც. მარში ხმებისა და თავისუფლების დასაცავად, რომელიც ორგანიზაცია Promote Georgia-მ ხვალიდან დააანონსა, ევროპისა სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.
აქციები იგეგმება აშშ-ის ქალაქებშიც.
ემიგრანტებს კონკრეტული პირობები აქვთ: ისინი მოითხოვენ დამოუკიდებელი ადმინისტრაციის მიერ ახალი არჩევნების ჩატარებას, მოუწოდებენ აშშ-სა და ევროკავშირს უკანონოდ ცნონ 26 ოქტომბრის არჩევნები, ოპოზიციისგან კი მოითხოვენ - ბოლომდე დაიცვან მათი ხმები, იმოქმედონ კოორდინირებულად და საკუთარ ამომრჩეველს მუდმივად გააცნონ გეგმები. ემიგრანტები ქართული ოცნების წევრების სანქცირებასაც ითხოვენ.
"2 ნოემბერს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ერთიანდებიან საქართველოს მხარდასაჭერად. აქციები გაიმართება ევროპისა და ამერიკის არაერთ ქალაქში.
ნიუ-იორკში, ბერლინში, პარიზში, ლონდონში, ჰამბურგში, ამსტერდამში, ბრემენში, ბრიუსელში, ზაარბრუკენში, შტუტგარდში, ფრანკფურტში, პრაღაში, ვენაში, მიუნჰენში, ვროცლავში, და სხვა მსხვილ ქალაქებში შეკრებილი ემიგრანტები გამოხატავენ სოლიდარობას სამშობლოს მიმართ.
აქციის მონაწილეები მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას მეტი ყურადღება დაუთმონ საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს და მხარი დაუჭირონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და დაგმონ ხელისუფლების მიტაცების ფაქტი.
მსგავსი მასშტაბური გამოსვლები აჩვენებს, რომ მიუხედავად გეოგრაფიული დაშორებისა, ქართველები ერთიანდებიან საერთო მიზნისთვის და აქტიურად გამოხატავენ თავიანთ პოზიციას სამშობლოს მომავალთან დაკავშირებით."