საქართველოში ბოლო 9 თვის განმავლობაში ოჯახურის ძალადობის შედეგად 11 ქალი დაიღუპა. ასეთი შემთხვევების საერთო რაოდენობა კი ამ დროისთვის 2600-ია.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ გაუარესებულია მდგომარეობა არა მარტო ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ძალადობის მხრივაც. მათი აზრით, ხელისუფლება არანაირ ქმედით ნაბიჯს არ დგამს. ამასთან, შესუსტებულია სოციალური სამსახურის როლიც, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ძალადობის ფაქტების დაფიქსირება და მისი შესაბამისი უწყებისთვის გადაცემა.
როდესაც გვინდა რომ ვებრძოლოთ ოჯახში ძალადობას, მარტო პოლიცია და პროკურატურა ამას თავს ვერ გაართმევს. ჩვენ უკვე წლებია ვამბობთ, რომ სოციალური სამსახური არის პრაქტიკულად ჩამოშლილი და შემდგარია არაკომპეტენტური წევრებისგან. სანამ ამ სამსახურის რგოლი გამართულად არ იმუშავებს, სულ უფრო იმატებს ქვეყანაში ძალადობის ფაქტები, - ამბობს "ქალთა მოძრაობის" დამფუძნებელი, ბაია პატარაია.
ცნობისთვის, პანდემიის პირობებში უფრო გამწვავდა ოჯახური ძალადობის ფაქტები. მხოლოდ მარტში, აპრილსა და მაისში მისი მხვერპლი 2045 ქალი გახდა.