ხანძარია ამ წუთებში რუსთავში - ერთ-ერთი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა. როგორც ტელევიზიის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, ხანძარი კორპუსის მე-9 სართულზე გაჩნდა. ამ ბინაში, სავარაუდოდ, არავინ იმყოფებოდა.
როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან და ცეცხლის ლიკვიდირებას ცდილობენ. მათივე თქმით, ამ დროისთვის, მათთან, დაშავებულებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ შესულა.
სარედაქციო ჩასწორება: მოგვიანებით, 22:47 საათზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან გვაცნობეს, რომ ცეცხლი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ფოტო: ლადო გულორდავა