ქუთაისის მერიამ თანამშრომელი, რომელმაც არჩევნებზე ხმა "ოცნებას" არ მისცა სამსახურიდან გაათავისუფლა

გამოქვეყნდა:

ქუთაისის მერიამ თანამშრომელი, რომელმაც არჩევნებზე ხმა "ქართულ ოცნებას" არ მისცა სამსახურიდან გაათავისუფლა. ცოტნე თვარაძე საბიუჯეტო ორგანოში გრაფიკოს დიზაინერად 4 წელი მუშაობდა.

სამსახურიდან გაშვებული თანამშრომელი ჰყვება, რომ არჩევნების დღეს უბანზე "ქართული ოცნების" დამკვირვებელმა, თითქოსდა დახმარების მიზნით ბიულეტენი და ჩარჩო კონვერტი გამოართვა, ელექტრონული ხმის მიცემის აპარატში ბიულეტენის მოთავსების დროს კი მკაფიოდ დააფიქსირა, რომ მას ხმა მმართველი პარტიისთვის არ მიუცია. არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე დღეში ცოტნე თვარაძეს კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს.

ასევე, მისივე თქმით, არჩევნებამდე, რამდენჯერმე სთხოვეს გრაფიკული დიზაინის კუთხით "ქართული ოცნებისთვის" რაღაც გაეკეთებინა, რაზეც უარი განაცხადა.

"მივიღე დავალება, რომ "ქართული ოცნებისთვის" რაღაც კონკრეტული საქმე გამეკეთებინა გრაფიკული დიზაინის კუთხით, რაზეც ვთქვი უარი, რადგან მერიის რესურსს არ უნდა იყენებდეს არცერთი პარტია. ამაზე ასე არაფერი არ უთქვამთ, უბრალოდ კარგი და ვსო.

უკვე არჩევნებზე როცა მივედი დამკვირვებელმა ჩემი ბიულეტენი, ასე ვთქვათ, კონვერტიდან გამოწია, იმ მიზნით, რომ თითქოს აპარატი ამ კონვერტს არ მიიღებდა თუ კარგად არ გამოვწევდი, თვითონ მოკიდა ხელი გამოწია და იქამდე გამოჰქონდა სანამ მარკერის კვალი არ გამოჩნდა და არ მიხვდა, რომ "ქართული ოცნებისთვის" არ მქონდა ხმა მიცემული. უკვე ამის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ კონტრაქტს აღარ მიგრძელებენ.

როცა ახლა მე გამიბედეს და მომცეს პარტიული დავალება, ყოველ შემთხვევაში, სცადეს, რომ ჩემთვის პარტიული დავალება მოეცათ, წარმოიდგინეთ, მერიაში რამდენ ადამიანს ეტყოდნენ ამას, რამდენ ადამიანს დაავალებდნენ," - ამბობს ცოტნე თვარაძე, რომელიც ბალდის კანიონის ერთ-ერთი მცველია.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ცოტნე თვარაძის გათავისუფლების შესახებ კომენტარს არ აკეთებს. პრესსამსახური კი აცხადებს, რომ მას ხელშეკრულება დაუსრულდა და აღარ გაუგრძელეს.

ცოტნე თვარაძე აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი