"უკანასკნელი შეფიცული" | ბოლშევიკებთან მებრძოლი ალექსანდრე სულხანიშვილის საფლავი აწყურში დაშალეს და ეკლესიის უკან გადაიტანეს

გამოქვეყნდა:

ბრძოლას თავი არ დაანებოთ! - სიტყვები, რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის უკანასკნელ შეფიცულს ეკუთვნის დღესაც აქტუალურია. საქართველო იყიდება! ეს იყო ალექსანდრე სულხანიშვილის ტკივილი 100 წლის წინაც. ადამიანის, რომელიც ებრძოდა ბოლშევიკურ რეჟიმს და რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე საქართველოსთვის ბრძოლას შესწირა. ემიგრაციაში წასულმა საყვარელ სამშობლოში ჩამოსვლა 66 წლის შემდეგ მოახერხა და რამდენიმე დღეში გარდაცვალა. ის უკანასკნელ გზაზე გააცილა ჯერ კიდევ გაპრეზიდენტებამდე ზვიად გამსახურდიამ. მისივე ინიციატივით მოეწყო საფლავი. გარდაცვალებიდან 34 წლის შემდეგ კი მისი საფლავი და ძეგლი დაშალეს და ეკლესიის ეზოს უკან გადაიტანეს. აწყურის თეთრი გიორგის ეკლესიის დეკანოზი კი გვარწმუნებს რომ ეკლესიური თვალსაზრისით ეს მიცვალებულის პატივისცემაა.

ეს მამა გიორგის პირადი განმარტებაა, მეუფე დავითმა კი, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა კითხვაზე პასუხად ლოცვა დაიწყო. ჩვენი შეკითხვებით აღშფოთებულმა დედა მარიამმა ჯერ გაგვკიცხა, შემდეგ სცადა დავერწმუნებინეთ, რომ ალექსანდრე სულხანიშვილი სამხედრო პატივით გადაასვენეს რადგან საფლავი დაზიანებული იყო...

კითხვაზე, ვისი ინიციატივით და რა მიზეზით დაშალეს ალექსანდრე სულხანიშვილის საფლავი პასუხი ვერ მივიღეთ, გავიგეთ მხოლოდ ის, რომ სასულიერო პირების აზრით ასე უკეთესია. მათი ამ დამოკიდებულების გამო კი განადგურდა ძეგლი, რომელიც ქვეყნის იდენტობის უტყუარი სიმბოლო იყო. 

შეფიცულთა რაზმმა სახელმწიფო სუვერენიტეტის აღსადგენად ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლა 1922 წელს დაიწყო, ამას 1924 წლის საერთო სახალხო აჯანყება მოჰყვა, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული გამოსვლა, რომელიც დამარცხდა. შეფიცულები იძულებული გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ. უკანასკნელი შეფიცული -ალექსანდრე სულხანიშვილი სამშობლოში 66 წლის შემდეგ დაბრუნდა დროშით, რომელსაც სპეციალურად ამ მომენტისთვის ინახავდა. სამშობლო თითქოს უკვე თავისუფალი იყო, ხვდებოდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საუბარი უკვე ძალიან უჭირდა, მაგრამ შიში, რომელიც გულში ჰქონდა მაინც თქვა- "საქართველო რომ იყიდება?...რუსეთი დაგვთმობს?"

ალექსანდრე სულხანიშვილი სამშობლოში დაბრუნებიდან 18 დღეში გარდაიცვალა. სიმბოლური იყო უკანასკნელი შეფიცულის დაკრძალვის ცერემონიალიც. კადრებში ჩანს, რომ სასახლეს თავად ზვიად გამსახურდია მიასვენებს. დაკრძალეს მშობლიური სოფლის, აწყურის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხმალ-სატევარსა და ეროვნულ დროშასთან ერთად ალექსანდრე სულხანიშვილმა სამშობლოში ჩამოიტანა კიდევ ერთი პაკეტი, რომელსაც ეწერა - საქართველოს მიწა. 66 წლიან ემიგრაციაში თან ნატარები მიწა უკანასკნელ შეფიცულს დაკრძალვისას გულზე დააყარეს.

ალექსანდრე სულხანიშვილის გარდაცვალებიდან 34 წლის შემდეგ ქვეყანა ისევ ისტორიულ გზაგასაყარზეა, სიმბოლურია ისიც, რომ კაცის საფლავი, რომელსაც უკანასკნელი შეფიცული შეარქვეს და რუსეთთან ბრძოლის სიმბოლოდ შემოინახეს, ახლა განადგურდა.

შემთხვევითი არც ის არის, რომ სასულიერო პირები თვითნებურად, სრულიად უცნობი მიზეზით მთელი თვე ანგრევენ საფლავს და არც ის, რომ ამაზე არცერთი სახელმწიფო უწყება არ რეაგირებს.

შეფიცულთა რაზმის მიერ ყველაზე დიდი ქართული სახალხო აჯანყების მოწყობიდან 100 წლის თავზე ნაწილ- ნაწილ დაშალეს საფლავი, რომელიც სამშობლოში დაბრუნებულ ამ ბრძოლის ბოლო მინაწილეს დამოუკიდებელმა სამშობლომ მადლობის ნიშნად მოუწყო. მატერიალური ძეგლი განადგურდა, მაგრამ არქივს შემორჩა ბოლო სიტყვები, რომლებიც უკანასკნელმა შეფიცულმა ეროვნული მოძრაობის მომდევნო თაობის ლიდერს გამომშვიდობებისას უთხრა - "ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ბრძოლას თავი არ დაანებოთ."

ავტორები: ნინო ჟიჟიაშვილი; ია გულიაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი