"სპორტის სასახლის მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, ხელშეკრულების პირობები ვეღარ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს" | კალაძე

გამოქვეყნდა:

კალაძის განცხადებით, სპორტის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. როგორც კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, შენობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ამჟამინდელი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის.

მისი თქმით, მოწესრიგდება ყველა ძირითადი სივრცე, რაც გულისხმობს იატაკის საფარის, სავარძლების, კედლების, ვიზიტორების საცირკულაციო სივრცეების, გასახდელების, VIP-შემოსასვლელის, ავეჯისა და სხვა სივრცეების მოწესრიგებას. მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, ასევე, იგეგმება სპორტის სასახლის გარშემო სარეკრეაციო და ღია სივრცეების ისტორიული ფუნქციის აღდგენა.

კალაძის განმარტებით, სპორტის სასახლის შენობა წარმოადგენს მუნიციპალური საწარმოს საკუთრებას, რომელიც 2007 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, მართვის უფლებით გადაცემულია კომპანია "ლოჯიკ გრუპისთვის".

"სპორტის სასახლის ახლანდელი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, მას აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, ხარვეზები. შესაბამისად, საჭიროებს განახლება-რეაბილიტაციას. აღნიშნული ხელშეკრულების პირობები ვეღარ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს. ჩვენ ვიმუშავეთ შესაბამის კომპანიასთან და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. შევთანხმდით, რომ სპორტის სასახლე საჭიროებს რეაბილიტაციას და აღნიშნული სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება" - განაცხადა კალაძემ.

კომპანია "ლოჯიკ გრუპის" დირექტორი თამარ სეფერთელაძეა, კომპანიის 100%-იან წილს კი შპს ატლანტიკ ჩენელს ჯორჯია ფლობს. თავის მხრივ კი ამ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი აშშ-ში რეგისტრირებული კომპანია  ATLANTIC CHANNELS-ია , დირექტორი კი ივანე თარხნიშვილი.

 

 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი