რუსეთის დროშა ოზურგეთში | კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ეს ფოტოშოპია

გამოქვეყნდა:

ოზურგეთში, სოფელ მერიაში, „გიბერია ბიზნეს ჯგუფის“ მიერ იჯარით აღებული შენობის ეზოში სხვადასხვა ქვეყნის დროშასთან ერთად ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის დროშაა აღმართული.

ფოტო და ვიდეო, რომელზეც შენობის წინ მოფრიალე რუსეთის დროშა ჩანს, მოქალაქემ კვირას, 10 ნოემბერს გადაიღო და „ბათუმელებს“ მიაწოდა.

შენობა, რომლის ეზოშიც ოკუპანტი ქვეყნის დროშა ფრიალებს, ამჟამად შპს „სანეს“ ეკუთვნის და ის იჯარით აქვს აღებული შპს „გიბერია ბიზნეს ჯგუფს“.

შპს „გიბერია ბიზნეს ჯგუფში“ წილებს სამი პირი ფლობს. კომპანიის 45 %-იანი წილი ეკუთვნის გიგა მახარაძეს, ასევე 45 % ეკუთვნის გრიგოლ აბრალავას, ხოლო 10 %-იანი წილის მფლობელი გივი ჩიქოვანია.

დოკუმენტების მიხედვით, კომპანიას გიგა მახარაძე და გრიგოლ აბრალავა ერთობლივად მართავენ.

კომპანიის წესდების მიხედვით, „გიბერია ბიზნეს ჯგუფი“ ქვიშა-ხრეშს მოიპოვებს.

„ბათუმელები“ ესაუბრა „გიბერია ბიზნეს ჯგუფის“ წარმომადგენელს, ვინმე ჯეკოს (საკუთარი გვარის თქმაზე მან უარი განაცხადა), რომელმაც უარყო „გიბერია ბიზნეს ჯგუფის“ მიერ იჯარით აღებული შენობის ეზოში რუსულ დროშის აღმართვის ფაქტი და გვითხრა, რომ ფოტო და ვიდეო, რომელიც საწარმოს ეზოში რუსული დროშის არსებობას ადასტურებდა, ფოტოშოფია.

„აბსურდია. თუ გინდათ თქვენი თვალით ნახეთ, ფოტოშოფია ალბათ,“ – გვითხრა მან.

„ბათუმელებმა“ განუმარტა, რომ ფოტო და ვიდეო ნამდვილი იყო და ის კვირას, 10 ნოემბერს იყო გადაღებული. კომპანიის წარმომადგენელს ვთხოვეთ, იმის დასადასტურებლად, რომ რუსეთის დროშა აღარ იყო აღმართული შენობის ეზოში, გამოეგზავნა ფოტო, რომელზეც შენობა და დროშები იქნებოდა ასახული.

„თქვენი „ზადაჩებისთვის“ ვაფშე არ მცალია. მაგზავნი საღაცა სურათი გადამიღე და გამომიგზავნეო, თავი ვინ გგონია შენ,“ – ასეთი იყო მოიჯარის წარმომადგენლის პასუხი „ბათუმელების“ თხოვნაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი