თბილისის მერია საახალწლო კონცერტის და საშობაო სოფლის მოწყობის შესყიდვას 8.6 მლნ ლარად გეგმავს

გამოქვეყნდა:

2024 წლის 31 დეკემბერს, თბილისში რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალა-კონცერტის და წინასაახალწლოდ ორბელიანის მოედანზე საშობაო სოფლის მოწყობაზე 8.6 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, შესყიდვა ითვალისწინებს მომღერლების ჰონორარებს, საშობაო სოფლისთვის საახალწლო დეკორაციების, განათებების, სცენის, ყინულის მოედნის, გასართობი შოუს და სხვა მომსახურებების შესყიდვას. ინფორმაციას ამის შესახებ bm.ge ავრცელებს.

თბილისის მერია ამ მომსახურების შესყიდვას გამარტივებული გზით, ტენდერის გარეშე გეგმავს, რისთვისაც მუნიციპალიტეტი სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს თანხმობას ელოდება.

საგულისხმოა გარემოება, რომ 2024 წლის ახალი წლის კონცერტისა და საშობაო სოფლის მოწყობა თბილისის მერიას 2.1 მილიონი ლარით ნაკლები - 6,501,641 ლარი დაუჯდა.

"2025 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით 2024 წლის 13 დეკემბრიდან 2025 წლის 15 იანვრის ჩათვლით, ქალაქ თბილისში, ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე (მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, გიორგი ათონელის ქუჩა, იტალიის ქუჩა, ხაზინის ქუჩა, ფხოვის ქუჩა, ანტონ ფურცელაძის ქუჩა) მშრალ ხიდზე, დედაენის ბაღში და "იუსტიციის სახლის" ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია "საახალწლო ქალაქის" მოწყობას და მრავალფეროვანი გასართობი/სანახაობრივი ღონისძიებების გამართვას გეგმავს. ქალაქის მოსახლეობის და თბილისის სტუმრებისთვის მოწყობილი საახალწლო სივრცეები საინტერესო წარმოდგენა-პერფორმანსებით, კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო, საბავშვო, სხვადასხვა თემატური აქტივობებით და განსხვავებული ჟანრის კონცერტებით დაიტვირთება. ღონისძიებების პროგრამა 2024 წლის 6 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე (შოთა რუსთაველის გამზირი) ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ცერემონიით გაიხსნება.

აღნიშნულ ლოკაციებზე განთავსდება მოცულობითი დეკორაცია/ინსტალაცია, თემატური მორთულობები, ფოტოზონა, დეკორირებული ჯიხურები და დახლები, თაღები, დეკორირებული ნაძვის ხეები, საციგურაო ყინულის მოედანი შესაბამისი დეკორაციით, ხიდის, ქუჩების და ფასადების თემატური მორთულობები, საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, მრავალფეროვანი დეკორაცია/ბუტაფორია/რეკვიზიტი, ავეჯი საბავშვო სივრცისთვის, კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეები, თოვლის ბაბუას (სანტას სახლი) და სახელოსნო. გაიმართება საახალწლო სოფლის გახსნის ღონისძიება, სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, ელექტრონული ლაივ შოუები, თეატრალური წარმოდგენა-პერფორმანსები.

მოეწყობა მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და საბავშვო-გასართობი აქტივობები, ღია კინოთეატრი, ზღაპრის გმირების მსვლელობა, ღონისძიებაზე მისულ დამთვალიერებლებს დახვდებათ თოვლის ბაბუა (სანტა) დამხმარე მსახიობებთან ერთად. ღონისძიებების ფარგლებში მოეწყობა ,"ტკბილეულის ფესტივალი“, გამოფენა-გაყიდვა "თბილისის საშობაო ბაზარი“, რომლის ფარგლებში გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მოეწყობა ტკბილეულის და კვების სივრცეები, გასტრონომიული ზონები, რაც კომპლექსურად გულისხმობს გასტრონომიული ინდუსტრიის ხელშეწყობას, ადგილობრივი მცირე და საშუალო ზომის ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობის მხარდაჭერას და პოპულარიზაციას. ღონისძიებების ფარგლებში 2024 წლის 31 დეკემბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ჩატარდება საახალწლო გალა კონცერტი," -  ნათქვამია გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი