ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი სტუდენტური პროტესტი გრძელდება. სტუდენტებმა გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ, უწყვეტი აქციები დაიწყეს და წუხანდელი ღამე უნივერსიტეტის შენობაში გაათენეს. მათ იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი მალხაზ ნაკაშიძეც შეუერთდა. უნივერსიტეტის ჩაკეტილ კართან ასევე მივიდნენ მოქალაქეები, რომლებიც ახალგაზრდებს სოლიდარობას უცხადებენ.
"ღამე გავათენეთ ბსუ-ში.
მოკლედ და კონკრეტულად, "ქართულმა ოცნებამ" არჩევნების გაყალბების გზით წაგვართვა უკეთესი მომავალი!
ვიბრძვით სამშობლოს დასაბრუნებლად!
ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს! " წერს ფეისბუქზე არჩილ ბერიძე
ბათუმელი ახალგაზრდების მიერ დაწყებულ პროტესტს ეხმაურებიან "ილიაუნის", "ჯიპას", თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობები და მათ მხარდაჭერას უცხადებენ.