"ჩვენ ვიმყოფებით არა ცესკო-ს ეზოში, ჩვენ ვიმყოფებით "ქაჯეთის ციხეში"... ზუსტად იცოდნენ წინასწარ დაწერილი რიცხვები | სიორიძე

გამოქვეყნდა:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერმა წევრმა გიორგი სიორიძემ, რომელმაც შემაჯამებელი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა ცესკო "ქაჯეთის ციხეს" შეადარა. მისი თქმით, კომისიას წინასწარ ჰქონდა დაწერილი რიცხვები, თუ რომელ პარტიას რამდენი პროცენტი შეიძლება ჰქონოდა შემაჯამებელ ოქმში, მათ შორის "ქართულ ოცნებას" უნდა ჰქონოდა ის შედეგი, რომელიც წინასწარვე დააანონსეს.

სიორიძის განცხადებით, ცესკო-ს წარმომადგენლებმა და ხელისუფლებამ ქართველ ხალხს არჩევანის უფლება წაართვეს და ისინი ისტორიაში "შავი ლაქით" შევლენ. 

"ჩვენ ვიმყოფებით არა ცესკო-ს ეზოში, ჩვენ ვიმყოფებით "ქაჯეთის ციხეში". აი ეს "ქაჯეთის ციხე" შექმნეს რამდენიმე თვის წინ დღევანდელი დღისთვის, ისინი ემზადებოდნენ ამისთვის, ეშინოდათ ამისთვის და ზუსტად იცოდნენ რასაც გააკეთებდნენ. ზუსტად იცოდნენ წინასწარ დაწერილი რიცხვები, ვის რამდენი შეიძლებოდა, რომ ახლა შემაჯამებელ ოქმში ჰქონოდა. მათ იცოდნენ, რომ "ქართულ ოცნებას" უნდა ჰქონოდა ის შედეგი, რომელიც წინასწარვე დააანონსეს. მათ ზუსტად იცოდნენ, რომ არჩევნები იქნებოდა არა უბრალოდ მანიპულაციური, არამედ გაყალბებული, მიტაცებული.

ქართველ ხალხს წაართვეს ქვეყანაში მთავარი ბერკეტი, არჩევანის უფლება. სხვა რა უფლება აქვს ხომ ადამიანს, იმისთვის რომ მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს ცხოვრებაში. არჩევნები არის ერთადერთი ბერკეტი ხალხის ხელში და უნდათ, რომ არამხოლოდ 26 ოქტომბერს მოჰპარონ, არამედ საერთოდ არჩევნების ინსტიტუტი გააუქმონ. არჩევნები მოჰპარეს ქართველ ხალხს და ემსახურებიან თავიანთ ბატონს, ბიძინა ივანიშვილს, "ქართულ ოცნებას" და ახლა ცდილობენ რომ ფორმალურად დაასვან ბეჭედი.

ძალიან ეჩქარებათ იმიტომ, რომ ეშინიათ ხალხის, ეშინიათ საერთაშორისო საზოგადოების და ეშინიათ იმის, რომ მათ ნიღაბი შეიძლება ჩამოხსნოდათ. მაგრამ ჩამოეხსნათ უკვე, გაჟონა, ბიულეტენებმა გაჟონა. მათ ეს შავი ლაქა მიჰყვებათ საქართველოს ისტორიის იმ ფურცელზე, იმ სამარცხვინო ფურცელზე, რომელსაც დღეს წერენ და რომელსაც ბეჭედს არტყამენ. ამ შავი ლაქით შევა გიორგი კალანდარიშვილი და ცესკო-ს ყველა ის წევრი, ვინ არის ამ კლანის წევრი და ვინ მართავს პროცესებს ამ ადმინისტრაციაში, ყველა არის ისტორიის წინაშე დამნაშავე," - განაცხადა გიორგი სიორიძემ. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. უწყების მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები. შემაჯამებელი სხდომა რამდენიმე წუთის განმავლობაში შეჩერებული იყო, რადგან დაწყებისას დავით კირთაძემ კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხა. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი