
მას შემდეგ რაც „თბილსერვის ჯგუფმა“ ნაგვის ურნები თბილისის უბნების შიდა ქუჩებიდან ცენტრალურ ქუჩებზე გადაიტანა, მოსახლეობას ნაგვის დატოვება ქუჩაში უწევს. თბილისის მერის გადაწყვეტილებას აპროტესტებს მოსახლეობის დიდი ნაწილი.
საპილოტე პროექტი მთელი თბილისის მასშტაბით ამოქმედდა, რამაც ქალაქში სრული ანტისანიტარია გამოიწვია. მოსახლეობა მოითხოვს, მერიამ ურნები უკან დააბრუნოს.
როგორც „თბილსერვის ჯგუფში“განმარტეს, საპილოტე პროექტის ფარგლებში შიდა ეზოებიდან უკვე 500-მდე ნაგავშემკრები კონტეინერია გამოტანილი. პროექტი შიდა ეზოებიდან ცენტრალურ და მეორად ქუჩებზე 4 000-მდე ნაგავშემკრები კონტეინერის გამოტანას ითვალისწინებს.
„თბილსერვისის“ დირექტორი რომეო მიქაუტაძე ამბობს რომ პროექტის მიზანია აღმოიფხვრას ხმაური, უსიამოვნო სუნი და საცობი, რომელსაც შიდა ეზოებში ნაგავმზიდი მანქანების შესვლა ქმნიდა, ხოლო მოსახლეობას მოუწოდეს საყოფაცხოვრებო ნარჩენები მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგავშემკრებ კონტეინერებში მოათავსონ.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები თავს არიდებენ შეკითხვას, ხვდებათ თუ არა ქუჩებში უადგილოდ დაყრილი ნაგავი.
საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ კალაძის გადაწყვეტილებით მოსახლეობას დისკომფორტი შეექმნა, თბილისი კი, დანაგვიანებულ ქალაქად გადაიქცა. მისივე თქმით, ქალაქის დასუფთავებისთვის გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად იხარჯება.
აღმოიფხვრება თუ არა დედაქალაქში დასუფთავების პრობლემა და რა გზებს გამონახავს მერია მოსახლეობის პრობლემის მოსაგვარებლად ჯერჯერობით უცნობია.