გუშინდელ დღეზე სრულიად პასუხისმგებელია რექტორი ჯაბა სამუშია | თსუ-ს სტუდენტების განცხადება

გამოქვეყნდა:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გუშინ განვითარებული პროცესების საპასუხოდ უნივერსიტეტის სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ გუშინ, უნივერსიტეტის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა რექტორს, ჯაბა სამუშიას ეკისრება, ვინაიდან საუნივერსიტეტო სივრცეში შესვლის უფლება სტუდენტებს სწორედ რექტორმა თვითნებური გადაწყვეტილებით შეუზღუდა.

ახალგაზრდები უნივერსიტეტის რექტორატის გადაწყვეტილებას და სამართალდამცავების მიერ საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლი სტუდენტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას გმობენ.

სტუდენტები ლექტორებს მოუწოდებენ, მათ გვერდით დადგნენ და მხარი დაუჭირონ ახალგაზრდულ პროტესტს.

"ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია საუნივერსიტეტო სივრცეში მყოფი სტუდენტებისა და ლექტორების მიწისქვეშა გვირაბით გაყვანა და მათ ზურგს უკან უნივერსიტეტის კარის ჩარაზვა.

ვგმობთ სამართალდამცავების მიერ საქართველოს ნათელი მომავლისთვის მებრძოლი სტუდენტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას.

ჩვენი უნივერსიტეტი არამხოლოდ სასწავლო სივრცე, არამედ ჩვენი მეორე სახლია, ამიტომ გუშინდელი ღამე სტუდენტებმა, სიმბოლურად სწორედ უნივერსიტეტისთვის გაათენეს.

ჩვენთვის მიუღებელია, რომ ჩვენს სახლში არ გვიშვებენ, რომ ჩვენივე სახლში გვიზღუდავენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და ცდილობენ ცენზურა დაადონ სასწავლო პროცესს.

მივმართავთ ჩვენს ლექტორებს, დადგნენ საკუთარი სტუდენტების გვერდით, დაუშვებელია, არ იდგე სტუდენტებთან ერთად ისტორიის სწორ მხარეს, როცა მათ უნივერსიტეტის ეზოში ფიზიკურად და სიტყვიერად უსწორდებიან და არ აძლევენ შენობაში შესვლის უფლებას. გუშინდელ დღეზე პასუხისმგებელია სრულიად რექტორი ჯაბა სამუშია, ამიტომ მოვითხოვთ გაეცეს პასუხი შეკითხვას, თუ რატომ არ გვაძლევენ უფლებას შევიდეთ უნივერსიტეტში.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით სტუდენტური პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც არ აპირებენ შეეგუონ გაყალბებულ არჩევნებს. ვის თუ არა, ჩვენ, სტუდენტებს, ყველაზე კარგად გვესმის, რატომ უნდა ვიბრძოლოთ ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

სტუდენტებო, მეგობრებო, თანაკურსელებო და არამარტო, შემოგვიერთდით, ახლა მხოლოდ მოქმედებისა და მოძრაობის დროა! უნივერსიტეტი გვეკუთვნის ჩვენ!!!" - აცხადებენ თსუ-ს სტუდენტები.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი