2023 წლიდან TTC-მ მეტროს ვაგონების და სადგურის დასუფთავებაში ₾418 ათასი პრობლემურ ინდმეწარმეს გადაუხადა. ამის შესახებ საუბარია "ფლანგვის დეტექტორის" კვლევაში.
კვლეის თანახმად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მეტროს ვაგონებისა და სადგურების დასუფთავებასთან დაკავშირებულ ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენას დავები მოჰყვა. დავების განხილვის პერიოდში კომპანიამ გამარტივებული შესყიდვები ტენდერის თავდაპირველ გამარჯვებულთან, ი/მ ია შეყელაშვილთან გააფორმა. დავების დასრულების შემდეგ ტენდერში გამარჯვებულად ი/მ ია შეყელაშვილი გამოვლინდა, რომელმაც სამუშოები არაჯეროვნად შეასრულა – მეტროს ვაგონები არაჯეროვნად იყო დასუფთავებული, ხოლო სამუშაოზე ხშირად არასაკმარისი რაოდენობის თანამშრომლები ცხადდებოდნენ. შედეგად, მას ხელშეკრულება შეუწყვიტეს და გაფრთხილებულთა სიაში შეიყვანეს. მიმწოდებელმა სატრანსპორტო კომპანიისგან ჯამში 418,054 ლარი მიიღო.
ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ინდივიდუალურ მეწარმე ია შეყელაშვილს შორის ხელშეკრულება 2024 წლის 20 მარტს გაფორმდა. ხელშეკრულების ღირებულება 867,000 ლარი იყო. ტენდერის თანახმად, ერთი წლის განმავლობაში, ია შეყელაშვილს უნდა უზრუნველეყო თბილისის მეტროს ვაგონების ყოველდღიური და გენერალური დასუფთავება-დეზინფექცია. დამატებით, კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე, მიმწოდებელი ვალდებული იყო მეტროს კონკრეტულ სადგურზე გენერალური დასუფთავება ჩაეტარებინა.
საინტერესოა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის ისტორია. ტენდერისთვის წინადადების მიღება 2023 წლის 10 ივლისს დასრულდა, თუმცა წაგებულმა პრეტენდენტმა კომპანიამ, შპს „ბალავერმა“ ჯამში 4 საჩივარი წარადგინა. საჩივრები ეხებოდა ი/მ ია შეყელაშვილის მიერ რამდენიმე საშუალების შესახებ წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობას – იყო თუ არა რამდენიმე საშუალება სინამდვილეში სადეზინფექციო თვისების მატარებელი. „ბალავერის“ მიერ წარდგენილი პირველი სამი საჩივარი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭომ გაიზიარა, სატენდერო კომისიას კი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღებაზე მიუთითებდა. შედეგად, ი/მ ია შეყელაშვილს დისკვალიფიკაცია მიეცა, რაც ინდივიდუალური მეწარმის საჩივრის შეტანის შემდეგ გაუქმდა (რაც ასევე საბჭომ დააკმაყოფილა) და ტენდერის გამარჯვებულად კვლავ ის გამოცხადდა. შპს „ბალავერის“ მე-4 საჩივარი კი ვადის გადაცილების გამო არ დააკმაყოფილეს – საბჭოს გადაწყვეტილებით, შპს „ბალავერის“ საჩივარი შინაარსობრივად არა უახლეს ოქმს, არამედ მის წინა ოქმს ეხებოდა, რისი გასაჩივრების 10 დღიანი პერიოდი ამოიწურა.
იმ პერიოდში, ვიდრე საბოლოო გამარჯვებული გამოვლინდებოდა, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ ორი გამარტივებული შესყიდვა სწორედ ი/მ ია შეყელაშვილს გაუფორმა, რომლის ფარგლებშიც ამ უკანასკნელმა 2023 წლის 27 ოქტომბრიდან 2024 წლის 21 მარტის ჩათვლით 202,848 ლარი მიიღო.
ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენიდან ერთი თვის შემდეგ გამოიკვეთა გარემოება, რომ მეტროს ვაგონები ჯეროვნად არ სუფთავდებოდა. ამის შესახებ მიმწოდებელს წერილი თბილისის სატრანსპორტო კომპანიამაც გაუგზავნა. TTC-ის მიერ გამოვლენილი გარემოებები შესყიდვების სააგენტომაც გაიზიარა და დაადგინა, რომ მიმწოდებელი არღვევდა ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ პირობებს, კერძოდ:
სამუშაოზე ხშირად ცხადდებოდა არასაკმარისი ოდენობის თანამშრომელი;
უმეტეს შემთხვევაში არაჯეროვნად იყო დასუფთავებული ვაგონები, შემდეგ კი არაჯეროვნად ხორციელდებოდა ვაგონების სადეზინფექციო სამუშაოები.
შედეგად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მიმწოდებელს 17 სექტემბერს ხელშეკრულება შეუწყვიტა, 17 ოქტომბერს კი, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განკარგულების საფუძველზე, ი/მ ია შეყელაშვილს მიეცა გაფრთხილება. აღსანიშნავია, რომ სატენდერო ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებელს სატრანსპორტო კომპანიისგან 215,206 ლარი აქვს მიღებული.