რუსული დროშა ოზურგეთში | კომპანია, მისი მფლობელები და მათი კავშირები "ოცნებასთან"

გამოქვეყნდა:

როგორ ფრიალებს რუსული დროშა ოზურგეთის სოფელ მერიაში - კადრები ონლაინ გამოცემა "ბათუმელებმა" გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლიკა კომპანია „გიბერია ბიზნეს ჯგუფის“ მიერ იჯარით აღებული შენობის ეზოშია აღმართული. 

ადგილზე მისულებს რუსული დროშა აღარ დაგვხვდა, სავარაუდოდ კადრების ინტერნეტში გავრცელების შემდეგ ის ქართული დროშით შეცვალეს.

„გიბერია ბიზნეს ჯგუფს“ სამი მფლობელი ჰყავს - გიგა მახარაძე, გრიგოლ აბრალავა და გიორგი ჩიქოვანი. ამათგან 2 - გიგა მახარაძე და გრიგოლ აბრალავა კომპანიის დირექტორებიც არიან. ადგილზე კომპანიის ადმინისტრაცია არ დაგვხვდა, ამიტომ გიგა მახარაძეს ტელეფონით დავუკავშირდით.

ივლისში, შეკვეთილის სასტუმრო "მირაჟში" ქართველი მასწავლებლებისთვის ორგანიზაცია „რუსული კლუბის“ მიერ ორგანიზებული რუსული სემინარი ჩატარდა. სწავლებას, დასავლეთისგან სანქცირებული ორგანიზაცია "როს- სატრუდნიჩესტვო" აფინანსებდა, რომლის ხელმძღვანელიც ევგენი პრიმაკოვია, მისი ფონდი კი საქართველოში რუსულ პროპაგანდას ეწევა. სასტუმრო "მირაჟი", რომელიც ოკუპანტების მასპინძელი იყო გიგა მახარაძის ცოლს - ლია სამადაშვილს ეკუთვნის.

კომპანია „გიბერია ბიზნეს ჯგუფი ს“ 45%-იანი წილის მფლობელი და მეორე დირექტორი კი გრიგოლ აბრალავაა, პარლამენტის ყოფილი დეპუტატის - ანზორ აბრალავას შვილი.

რუსულ დროშაზე კითხვების დასასმელად აბრალავების სახლში მისულებს სწორედ ანზორ აბრალავა დაგვხვდა, რომელიც დროშის ხსენებისთანავე გაღიზიანდა, უარყო არა მხოლოდ დროშის არამედ საერთოდ კომპანიის არსებობაც.

"ბათუმელების" სტატიაში ნათქვამია, რომ ვიდეოკადრები კვირას, 10 ნოემბერსაა გადაღებული.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის მეორე დირექტორს გიგა მახარაძეს გურიაში საკუთარ სახელზე რეგისტრირებული 26 მიწის ნაკვეთი აქვს, აქედან 18 მდინარე ნატანების კალაპოტზე, ან მის მიმდებარედ მდებარეობს, რეესტრის რუკაზეც კი ჩანს, რომ ამ ტერიტორიიდან ინერტულ მასალებს მოიპოვებენ.

ადგილობრივი ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ კომპანია „გიბერია ბიზნეს ჯგუფი“ რუსული ინტერესების გამტარებელია და მას ქართულ ოცნებაში კონკრეტული მფარველები ჰყავს.

გიგა აბრალავა ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმაა, ზარდიაშვილისა და მამუკა მდინარაძის მეუღლეები კი დეიდაშვილები არიან, გიგა აბრალავას მის ბიზნესში მდინარაძის ფაქტორზეც ვკითხეთ. ბიზნესმენმა გაგვაფრთხილა, რომ ჩვენი საუბარი ჩაიწერა.

კომპანიის მესამე, 10 პროცენტიანი წილის მფლობელი 22 წლის გივი ჩიქოვანია. ჩიქოვანების სახლი ზუგდიდში დაკეტილია. მეზობლები გვიყვებიან, რომ ბიჭი ობოლია, შემოსავალი არ აქვს და შეუძლებელია, რომ რაიმე სახის ბიზნესს ფლობდეს.

გაუგებარია როგორ გახდა კომპანიის წილის მფლობელი 22 წლის გივი ჩიქოვანი. 

ავტორები: ნინო ჟიჟიაშვილი; ლადო მენაბდე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი