"დაიბრუნე ხმა!" - რუსთაველის გამზირზე, დღევანდელი აქციისთვის სცენა უკვე მოეწყო. 19:00 საათზე პარლამენტთან შეკრებილ მოსახლეობას, სადამკვირვებლო ორგანიზაციის წევრები, დეტალურად მოუყვებიან რა ნახეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე და რა დარღვევები გამოავლინეს. სადამკვირვებლო ორგანიზაციის წევრებთან ერთად, მოქალაქეების წინაშე წარდგებიან იურისტებიც და სამოქალაქო საზოგადოებას დაფიქსირებული საარჩევნო დარღვევების სამართლებრივ შეფასებას გააცნობენ.
"საღამოს 19:00 საათიდან პარლამენტის წინ შეკრებილ ადამიანებს მიმართავენ ის დამკვირვებლები, რომლებიც 26 ოქტომბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცდილობდნენ ჩვენი თანამოქალაქეების ხმების დაცვას, იმ კანონდარღვევების აღკვეთას და ამ კანონდარღვევებზე მტკიცებულებების შეგროვებას, რომელზეც უკვე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ არაერთი ადამიანი, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორები საუბრობენ.
ეს ადამიანები [დამკვირვებლები] უკვე შეხვდნენ ქვეყნის პრეზიდენტს, შეხვდნენ ჩვენ დასავლელ პარტნიორებსაც და დღეს უკვე, უფრო მასშტაბურად, აქციაზე მოსული ადამიანებისთვის მოჰყვებიან იმ ფაქტების შესახებ, რომელიც თავად იხილეს, რომლებიც აღკვეთეს, რომლების აღკვეთაც შეიძლება ვერ მოახერხეს, მაგრამ ამის შესახებ შეაგროვეს მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებებს ახლა საჯაროდ ყველანი კიდევ ერთხელ მოვისმენთ," - განაცხადა "ჩემი ხმის" დამკვირვებელმა, რაფიელ კაკაბაძემ.
აქციას უერთდებიან პროდასავლური ოპოზიცია და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც რამდენიმე ლოკაციაზე შეიკრიბებიან და საერთო მსვლელობას მოაწყობენ რუსთაველის გამზირზე .
ავტორი: დავით კობიძე