"მთავარი არხის" ოპერატორი, სერგი ბარამიძე პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. მისი თქმით, საპოლიციო ძალებმა დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადეს და თვალი აქვს დალურჯებული.
სერგი ბარამიძე ყვება, რომ ის აქციის მონაწილეების დაკავების კადრებს იღებდა, რა დროსაც თავადაც დააკავეს და განუმარტეს, რომ კანონს არღვევდა, რადგან გზის სავალ ნაწილზე იყო გადასული.
"ვიღებდით დაკავების კადრებს და ამ დროს მოხდა რაღაც შეხლა-შემოხლა პოლიციასთან... თქვენ არღვევდითო წესს, ხელს გვიშლიდითო, [გზის] სავალ ნაწილზე იყავითო გადმოსული... აქტივისტი ხომ არ ვარ, მე ვარ ოპერატორი. ჩვეულებრივად ვიღებდი ამბებს, რატომ ადაწყვიტეს ჩემი დაკავება წარმოუდგენელია, არ ვიცი.
თვალი მაქვს ჩალურჯებული, ფიზიკურად არაფერი არ მეტყობა მაგრამ მირტყეს, კარგად მირტყეს. განყოფილებაში გადავედით ჩვეულებრივად, დიდი არაფერი არ მომხდარა იქ, შეამოწმეს ჩემი ნივთები რა მქონდა. კამერა აღარ აღმომაჩნდა, მანქანაში ნივთები ყველაფერი შემოიტანეს, დანარჩენი, ჩართვის აპარატიც, რაც მქონდა. ტანზე სულ გახდილი ვიყავი, კურტკაც გამხადეს რომ მაკავებდნენ. ისე მოხდა რომ კამერა აღარ აღმოჩნდა ჩემთან ერთად. პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ [ძალადობ არ ყოფილა], უბრალოდ ხელწერილი დამაწერინეს, რომ უნდა გამოცხადდე როცა დაგიბარებთ და მეტი არაფერი," - განაცხადა სერგი ბარამიძემ.
როგორც მოგვიანებით სერგი ბარამიძემ "მთავარის" პირდაპირ ეთერში საუბრისას თქვა, პოლიცია მას ვიდეომასალის წაშლასაც სთხოვდა.