დემოკრატიის კვლევის ცენტრი (DRI) 19 ნოემბრის დილას საპოლიციო ძალების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლას ეხმიანება და წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა აბსოლუტურად არაპროპორციული ძალა მშვიდობიანი შეკრების დასაშლელად.
DRI შსს-ს მოუწოდებს დაბრუნდეს კანონის ჩარჩოებში; ხელი არ შეუშალოს აქციის მონაწილეებს პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვაში; მისცეს მედიას და ადვოკატებს პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა. ორგანიზაციის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მომავალში დადგეს აქციის დაშლის უკანონო ბრძანების გამცემი პირის პასუხისმგებლობა.
"დემოკრატიის კვლევის ცენტრი ეხმიანება 2024 წლის 19 ნოემბერს, გამთენიისას, საპოლიციო ძალების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლას ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ და მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა აბსოლუტურად არაპროპორციული ძალა მშვიდობიანი შეკრების დასაშლელად. გავრცელებული კადრებით ნათლად ჩანს, რომ საპოლიციო ძალების წარმომადგენლების რაოდენობა რამდენჯერმე აღემატებოდა არაძალადობრივი აქციის მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების რაოდენობას და არც ერთ შემთხვევაში არ არსებობდა ფიზიკური ძალის გამოყენების საჭიროება.
მიუხედავადა იმისა, რომ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში პოლიციას აქვს უფლება გამოიყენოს ძალა აქციის დასაშლელად, აღნიშნული ვრცელდება მხოლოდ იმ ტიპის აქციებზე, რომლებიც თავისი არსით ძალადობრივია. 19 ნოემბერს გამთენიისას, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ და ჭავჭავაძის გამზირზე პოლიციის ქმედებას უკანონოდ აქცევს რამდენიმე გარემოება: 1. შეკრების მშვიდობიანი ხასიათი და მისი მონაწილეების ხაზგასმით მშვიდობიანი ქცევა; 2. საპოლიციო ძალების არაპროპორციულად მაღალი რაოდენობა და გამოყენებული ფიზიკური ძალის სიხისტე; 3. სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოების მხრიდან ორი დღის განმავლობაში მიმდინარე იგივე აქციის მიმართ რაიმე ტიპის გაფრთხილების არარსებობა.
გავრცელებული ინფორმაციით, შსს-მ აქციის 14 მშვიდობიანი მონაწილე დააკავა. საგანგაშოა ისიც, რომ დაკავებულების ადვოკატებს არ აძლევენ დაკავებული პირების მონახულების შესაძლებლობას. აქციაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს და ოპერატორს. გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ საპატრულო პოლიციის რამდენიმე ათეული თანამშრომელი ოპერატორს ხელს უშლის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში და ფიზიკური შეურაცხყოფას აყენებს.
დემოკრატიის კვლევის ცენტრი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს: დაბრუნდეს კანონის ჩარჩოებში; ხელი არ შეუშალოს აქციის მონაწილეებს პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვაში; მისცეს მედიას და ადვოკატებს პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია, მომავალში დადგეს აქციის დაშლის უკანონო ბრძანების გამცემი პირის პასუხისმგებლობა," - წერია განცხადებაში.