საპროტესტო აქცია მესტიაში - მოსახლეობამ ხაიშის გზა გადაკეტა. ადგილობრივები ელექტროენერგიას ითხოვენ. აქციის ფოტომასალა "მთავარი არხის" ვებგვერდს გამოუგზავნეს. მოსახლეობა ამბობს, რომ გაუმართავია ენერგოინფრასტრუქტურა, რის გამოც ხშირად, დღეების მანძილზე უწყდებათ ელექტროენერგია.
ამის პარალელურად კი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას ისევ აფრთხილებს, რომ ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში, უკონტროლო კრიპტო მაინინგის გამო ელექტროენერგიის მოხმარება კვლავ კრიტიკულად არის გაზრდილი და რადგან წინა გაფრთხილება უშედეგო აღმოჩნდა, მერია ხალხს მიმართავს, მიაწოდონ ინფორმაცია იმ ოჯახებზე, ვისაც ფლობენ აღნიშნული აპარატებს.
"მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში, უკონტროლო კრიპტო მაინინგის გამო ელექტროენერგიის მოხმარება კვლავ კრიტიკულად არის გაზრდილი და არსებობს ტრანსფორმატორის გადაწვის საფრთხე.
რადგან მოწოდებამ, ე.წ ბიტკოინის აპარატების გამორთვის შესახებ შესაბამისი შედეგი ვერ გამოიღო, მოსახლეობას ვთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია იმ ოჯახების შესახებ, რომლებიც ფლობენ აღნიშნული აპარატებს.
მოხდება იმ ადამიანების ვინაობის გასაჯაროება, რომელთა პირად ინტერესებსაც ეწირება დანარჩენი მოსახლეობის კეთილდღეობა!
მსგავსი დატვირთვის გაგრძელების შემთხვევაში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლებელი გახდება." აცხადებს მესტიის მერია.