ჩალურჯებები, ყელზე წაჭერა, ცემა და გინება... | აქციის მონაწილეები საგამოძიებოს პოლიციელების მხრიდან მოპყრობაზე ინფორმაციას აწვდიან

გამოქვეყნდა:

48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, 19 ნოემბრის აქციაზე დაკავებული პირები გაათავისუფლეს. ამ დრომდე პატიმრობაში რჩება მათე დევიძე, რომელიც შსს-ს მტკიცებით, პოლიციელებს დაესხა თავს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

გათავისუფლებული პირები კი საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე მივიდნენ. ისინი სამართალდამცველების მხრიდან, დაკავების დროს,  ძალის გადამეტების შესახებ მიაწვდიან საგამოძიებო სამსახურს ინფორმაციას. ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელიც ამჟამად უწყებაში იმყოფება, ალექსანდრე ქავთარაძეა. მისი და მისი ადვოკატის განცხადებით, პოლიციის მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი ჰქონდა როგორც მელიქიშვილის გამზირზე, ისე დაკავების შემდეგ, მანქანაში.

"ერთმა პოლიციელმა კეფაში ხელი ჩამარტყა და მეორე პოლიციელი რომელმაც თავიდან დაიწყო ჩემი დაკავება, გამოირჩეოდა განსაკუთრებული ძალადობით და არამარტო ფიზიკური, სიტყვიერითაც. ეს ადამიანი შედარებით იყო ალბათ მაღალი თანამდებობის პირი იმიტომ, რომ ახალგაზრდა ბიჭები მის დასანახად უფრო აქტიურობდნენ და თავის გამოჩენას ცდილობდნენ" ამბობს ქავთარაძე.

უფლებადამცველების თქმით, თითქმის ყველა დაკავებულს აღენიშნება დაზიანებები და მიუთითებენ პოლიციელების მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე:
 
 "ბევრ შემთხვევაში იყო, როდესაც ყელზე ჰქონდათ წაჭერის კვალი ჩალურჯების სახით, ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილას ჰქონდათ დაზიანებები"
- ამბობს ერთ ერთი დაკავებულის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფზე პოლიციამ დაკავების შემდეგ, მანქანაში იძალადა.

დაიწყებს თუ არა სპეციალური საგამოძიებო სამსახური პოლიციელების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებაზე გამოძიებას, ჯერჯერობით უცნობია. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი