19 ნოემბერი დილის 7 საათი და 23 წუთი - სწორედ ამ დროს დაიწყო პოლიციამ მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავებები.
მელიქიშვილის გამზირზე მომიტინგეების ძალადობრივი დაკავების ოპერაციაში პატრულ ინსპექტორებთან, ერთად ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. მათი იდენტიფიცირება მხოლოდ ფორმის ქურთუკზე დატანილი ნიშნით იყო შესაძლებელი. სახეები კი ყველას ნიღბებში ჰქონდა დამალული. თუმცა სწორედ ისინი ექცეოდნენ მომიტინგეებს განსაკუთრებული სისასტიკით.
სამოქალაქო აქტივისტი საბა სხვიტარიძე ერთ-ერთია მათ შორის ვინც ნიღბიანმა პოლიციელებმა უმიზეზოდ დააკავეს. ჩვენს გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ პოლიციელებმა ის იმ დროს აიყვანეს, როცა თანამებრძოლების დახმარებას ცდილობდა. საბას მონაყოლით ნიღბიანებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს...
შავებში ჩაცმული ნიღბიანი, რომელზეც სამოქალაქო აქტივისტი საუბრობს ვანო პარკაულია. მოძალადე რომლის პოლიციელად აღქმის შესაძლებლობას მხოლოდ კეპზე დატანილი წარწერა ქმნიდა. სხვა მხრივ მისი ფორმა არაფერს მიანიშნებდა. ჩვენს მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს , რომ პარკაული დაკავებული ახალგაზრდის მიმართ განსაკუთრებულ სისასტიკეს იჩენს და ე.წ დაკავების ავტომობილისკენ ძალის გამოყენებით მიათრევს. ვანო პარკაულთან ერთად სამოქალაქო აქტივისტის დაკავებაში რამდენიმე სხვა პოლიციელიც მონაწილეობს, თუმცა მათი იდენტიფიცირება ძნელია. ყველას სახე სამედიცინო პირბადით აქვთ დამალული.
19 ნოემბერს პოლიციელებმა განსაკუთრებული სისასტიკე ქალების მიმართაც გამოიჩინეს. ნიღბიანების ძალადობის მსხვერპლი გახდა ნათია ძიძიგური. მოქალაქე,რომელიც გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდა ამტკიცეს, რომ რამდენიმე პოლიციელმა ის ე.წ დაკავების ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩასვა და ფიზიკურად იძალადა. მისი მონათხრობით მელიქიშვილიდან კახეთის გზატკეცილამდე მას სავარძელზე დაჯდომის უფლება არ მისცეს.
"დამაყენეს მუხლებზე და ვთხოვდი, რომ მანქანის სავარძელზე მაინც დავესვი, რადგან უკანა სავარძელზე მხოლოდ ერთი პოლიციელი იჯდა და ადგილი თავისუფალი იყო. მოვიწოდებდი მათ, რომ უსაფრთხოების წესების დარღვევით გადავადგილდებოდი და ვთხოვდი რომ დავესვი სავარძელზე, თუმცა არ გააკეთეს, თან დამამცირებელი ჟესტით მომმართავდნენ მთელი გზა მუხელბდამხობილი გადავაადგილდებოდი" ამბობს ნათია ძიძიგური.
პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს მაია გოგიძე. 19 ნოემბერს ისიც ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს, თუმცა ამბობს რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია. გოგიძე აქციაზე დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე მივიდა. როგორც ის გვიყვება, გზის სავალ ნაწილზე გადასვლაც ვერ მოასწრო პოლიციამ ისე აიყვანა.
19 ნოემბერს მოქალაქეების ძალადობრივ დაკავებაში ასეულობით პოლიციელი მონაწილეობდა, თუმცა ერთ-ერთი ვინც დემონსტრანტების, განსაკუთრებით კი ქალების მიმართ აგრესიით გამორჩეოდა ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსის მოადგილე ლაშა სალუქვაძე იყო.
მელიქიშვილის გამზირზე პოლიციელებმა არც არასრულწლოვნები დაინდეს. მათ შორის იყო 14 წლის ბიჭი რომლის დაკავებას მშობლის თვალწინ სურდათ , თუმცა მოზარდი პოლიციას დედამ არ გაატანა და ხელიდან გამოსტაცა, მისი ამბავი ამით არ დამთავრებულა, რამდენიმე წუთში წაქცეულ მოზარდებს პოლიციამ სახეში წიწაკის სპრეი შეასხა.
პოლიციელების მხრიდან ძალადობის სამიზნე გახდა ალექსანდრე ქავთარაძეც. ქავთარაძე, პატრულის თანამშრომლებმა მაშინ დააკავეს, როცა ის სხვა მომიტინგეებთან ერთად ქუჩაში გადაადგილდებოდა. კადრებში სადაც ალექსანდრეს დაკავებაა გადაღებული რამდენიმე ნიღბიანი პოლიციელი ჩანს, ერთ-ერთი თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი გოგა მემანიშვილია.
სხვა დაკავებულების მსგავსად ალექსანდრეც იხსენებს, რომ მასზე ძალადობა დაკავების შემდეგაც გაგრძელდა. მომხდარზე ის სამართლებრივ დავას გეგმავს. ალექსანდრემ უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ის სამართალდამცველების ქმედების შეფასებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.
ნაკბენები ტანზე და დაზიანებები სახეზე - 48 საათიანი პატიმრობის შემდეგ პოლიციელების მხრიდან გამოვლენილ ძალადობაზე ყველა დაკავებული საუბრობს. ისინი ამბობენ რომ ფიზიკური ანგარიშსწორებით დაკავების შემდეგ იზოლატორში მიყვანისას პოლიციელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი წევრი მანუჩარ ჩაჩანიძე რამდენიმე პოლიციელმა მელიქიშვილის გამზირზე დააკავა. ჩაჩანიძის თქმით, დაკავების დროს მასზე ფიზიკურად იძალადეს, რის გამოც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.
პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელმაც მანუჩარ ჩაჩანიძის დაკავების ბრძანება გასცა და ძალადობრივ ოპერაციაშიც მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი- სამგორის საპატრულო სამმართველოს უფროსი ვლადიმერ სადღობელაშვილია. სადღობელაშვილთან ერთად ოპოზიციონერის დაკავებაში მონაწილეობას კიდევ რამდენიმე პოლიციელი იღებს, თუმცა ისინი საგანგებოდ შენიღბულები იყვნენ.
19 ნოემბერს მომიტინგეების გარდა პოლიციელებმა მედიაზეც იძალადეს. დააკავეს "მთავარი არხის" ოპერატორი სერგი ბარამიძე. ერთადერთი მიზეზი რის გამოც მას სასტიკად გაუსწორდნენ ის იყო რომ - ის პოლიციელების ძალადობის ამსახველ მტკიცებულებებს იღებდა.
სერგი ბარამიძეს დაზიანებები თავისა და თვალის არეში აღენიშნება, ყველაფერი უკვე შესაბამის დოკუმენტებშია აღბეჭდილი. სერგიმ სამედიცინო შემოწმებაც გაიარა. მისთვის როგორც მედიის წარმომადგენლისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხელშეშლის გამო კი მოკვლევა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.