ივანე ჯავახიშვილიდან...ჯაბა სამუშიამდე | სტუდენტებისთვის დაკეტილი და სპეცრაზმისთვის გაღებული უნივერსიტეტის კარი

გამოქვეყნდა:

1921 წელს პირველი ქართული უნივერსიტეტი სამი წლის იუბილეს ზეიმობდა. ქვეყანაში წითელი არმია შემოიჭრა. საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვისკენ  სტუდენტებს თავად ივანე ჯავახიშვილმა მოუწოდა:

"შვილებო! ჩემი მოვალეობაა თქვენ წიგნისა და კალმისკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადასდო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მეც თქვენ დღეს იარაღისკენ მოგიწოდებთ". 

ასე იწერებოდა საქართველოს ისტორია, რომელმაც ქვეყანა დამოუკიდებლობამდე მიიყვანა.  

"1921 წლის თებერვალი იდგა.

შალვა ნუცუბიძემ და კორნელი კეკელიძემ შინ მიაკითხეს ივანე ჯავახიშვილს და უთხრეს:  პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორი არშაკ ბაბოვი შეიარაღებულ ხალხს  მოუძღვის და უნივერსიტეტის გასაღებს ითხოვსო. აღშფოთებულა ივანე ჯავახიშვილი, ბაბოვს რა ხელი აქვს უნივერსიტეტთანო...

ამ ეპიზოდს მისი შვილიშვილი თარხუჯ ჯავახიშვილი ასე იხსენებს: "უნივერსიტეტის ეზოში კოცონი ჰქონდათ დანთებული... ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტში შევიდა და კარი შიგნიდან ჩაკეტა - ახლა მოვიდნენ, თუ უნდათო... არ ვიცი, რამდენი ხანი იყო თვითპატიმრობაში, მაგრამ ამ ხერხით კი უნივერსიტეტი გადაარჩინა და არავის მისცა იქ შეჭრის უფლება".

 "ივანე ჯავახიშვილი - კაცი, რომელმაც საქართველოს გონი შეცვალა"

ივანე ჯავახიშვილი ყველა თავის ლექციასა და მთლიანად ცხოვრებას უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის აუცილებლობას უძღვნიდა. რწმენა არც მაშინ დაუკარგავს, როდესაც ქვეყანას წითელი ტერორი ემუქრებოდა:

"ერთ კაცს არ შეუძლია იმდენი, რამდენიც ბევრს ერთად. თუ ჩემს მოღვაწეობაში ნაყოფიერი შედეგი მოხდა, მე გვერდს მიმშვენებდნენ საუკეთესო მუშაკები."

"ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როდესაც თავის ისტორიას ივიწყებს" - ამბობდა ეროვნული აღორძინების მთავარი შემოქმედი, ილია ჭავჭავაძე. მისი საქმის ღირსეული გამგრძელებელი, ივანე ჯავახიშვილი, ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ მის მიერ დაარსებული უნივერსიტეტის რექტორი დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ თაობას უნივერსიტეტის კარს ჩაუკეტავდა და მის კედლებში არ შეუშვებდა.

103 წელი გავიდა და სტუდენტები ისევ უნივერსიტეტის ეზოში დგანან. ბრძოლის ხაზი ისევ დამოუკიდებლობასა და მორჩილებას შორის გადის. დღეს უნდა გადაწყდეს შეძლებს თუ არა საქართველო ევროპულ გზაზე წინსვლას თუ დარჩება იზოლაციაში.

უნივერსიტეტის ეზოში მომავალი თაობა დგას, რომელმაც იცის, რომ ერთმა ოლიგარქმა და  რამდენიმე მარიონეტმა მათი ხმები მიიტაცა და ახლა ქვეყნის წართმევასაც აპირებენ. რეჟიმმა სამართალდამცველები ზონდერებად აქცია და ზურგჩანთიანი ბავშვების დევნა და დაშლა დაავალა.

ცემით რომ ამ თაობას ვერ გააჩერებდნენ კარგად იცოდნენ. ამიტომ ფსიქოლოგიური ტერორის მოსაწყობად უნივერსიტეტის ეზოში შლაგბაუმი გახსნეს და „ოცნების“ შავი საქმეების სიმბოლოდ ქცეული ხარებას სადამსჯელო რაზმი შეუშვეს.

პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ სახელმწიფო მექანიზმების სრული მობილიზებაა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შავფორმიანები შენობის გარეთ განათავსა, რამდენიმე დღეში კი შენობის შიგნით, სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლები მიიყვანეს.

რექტორი სამუშია და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ყველა წევრი დუმს. ეს დუმილი აკადემიური საზოგადოებისთვის უცხო არ არის.

სტუდენტებმა უნივერსიტეტის შიგნით, თუ გარეთ, კარგად იციან, რომ „ქართული ოცნება“ მალე თავებს დაუთვლის. არ გამორიცხავენ, რომ ოლიგარქის გუნდის წევრები რეპუტაციული ზიანის მისაყენებლად მათ წინააღმდეგ განცხადებებსაც გააკეთებენ. ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ დანებების უფლება არ აქვთ.  

სად არიან ახალგაზრდები? - ეს კითხვა აღარავის აწუხებს მომავალი თაობა ქვეყნის გადარჩენისა და ევროპული მომავლის სადარაჯოზე დგას. ამ წამს შვილები ქუჩაში იბრძვიან და მშობლების თაობას ელოდებიან.  

ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი