დღეს, 24 ნოემბერს, გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ, თბილისში რამდენიმე აქციაა დაგეგმილი.
დღის 15 საათზე, თავისუფლების მოედანზე ქალთა მარში გაიმართება. ქალთა მოძრაობისა და "საფარის" ორგანიზატორობით დაანონსებული აქციის მონაწილეები მსვლელობას გამართავენ ივანიშვილის შუშის სასახლის მიმართულებით, სადაც პერფორმანსი მოეწყობა - "გაყალბებული არჩევნების ფონზე, ძირგამოთხრილი და დასუსტებული დემოკრატიის პირობებში, დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ - ახალი და მასშტაბური ემიგრაციის ტალღის საფრთხის წინაშე" - აცხადებენ ორგანიზატორები და სიმბოლურად, აქციის მონაწილეებს მიმართავენ, თან იქონიონ ჩემოდნები, ან დიდი ჩანთები.
აქციას აანონსებენ ხელოვანებიც. საღამოს17:00 საათზე მონაწილეები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და თსუ-მდე მსვლელობით მივლენ. აქციის ორგანიზატორები Full Stop/წერტილი და კულტურა დემოკრატიისთვის არიან.
ასევე 17:00 საათზე, "ილიაუნიდან" თსუ-მდე დაანონსებულია პროფესორ-მასწავლებლების მარში;
საღამოს, 21 საათზე კი ოპოზიციის მასშტაბური აქცია გაიმართება. პროდასავლური ოპოზიციური კოალიციები და მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, მათ შეუერთდებიან რეგიონებიდან წამოსული კოლონებიც, რის შემდეგაც ფეხით მსვლელობა გაიმართება რუსთაველის გამზირის მიმართულებით. აქცია პარლამენტის შენობასთან გაგრძელდება. მომიტინგეები ღამეს საკანონმდებლო ორგანოსთან გაათევენ და ორშაბათს დანიშნულ, არალეგიტიმურ პარლამენტის სხდომას პროტესტით შეხვდებიან.