2012 წელს წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის დაპირებულ უნივერსიტეტს რვა წლის შემდეგ რომ პირველი სტუდენტები მიეღო კანონმდებლობა შეცვალეს.
საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების შესახებ კანონით რეგულირდება ყველა სასწავლებელი, გარდა ერთისა.
ახალი კანონი 2019 წლის 1 ნოემბერს დაჩქარებული წესით მიიღეს. სხვა სასწავლებლებისგან განსხვავებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავტორიზებულად ითვლება - შიდა წესდებისა და სამეცნიერო საბჭოს დამტკიცებისთანავე, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებულ უნივერსიტეტს ყოველგვარი შემოწმების გარეშე სწავლის დაწყების უფლება უკვე მისცეს.
"უპრეცედენტო მეგაპროექტი" როგორც ამას "ქართული ოცნების" ლიდერები უწოდებენ, ჯერ მსოფლიოსთვის მიმზიდველი არ აღმოჩნდა.
ქუთაისში უკვე 2014 წელს 60 000 სტუდენტს უნდა ესწავლა, თუმცა წელს მხოლოდ 246 ახალგაზრდა ჩაირიცხა.
ოპოზიციაში ამბობენ რომ ერთადერთი მიზანი რის გამოც წინასაარჩევნოდ მთელმა სახელმწიფო მანქანამ კანონი ქუთაისის უნივერსიტეტს დაუწერა, წინასაარჩევნოდ ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გაუქმების გამართლების მცდელობა იყო.
განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება კონკურენციისა და სამართლიანობის პრინციპს არღვევს და ქვეყნის სხვა სასწავლებლებთან ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებულ უნივერსიტეტს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.
საქართველო რამდენიმე უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრია. ახლა დაშვებული გამონაკლისი საერთაშორისო პარტნიორებთან ჩვენს ურთიერთობებზე უარყოფით გავლენას მოახდენს, რადგან ასოციაციის წევრობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა, უმაღლესმა სასწავლებელმა ჯერ ქვეყანაში არსებული სტანდარტები დააკმაყოფილოს, ამის შემდეგ- საერთაშორისო.
განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე და ახლა უკვე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ამტკიცებს, რომ აკრედიტაციისთვის წლების წინ დაიწყეს მზადება და მათთვის შექმნილი კანონი არანაირ პრივილეგიას არ ანიჭებს, რაც არასწორია, რადგან იმისთვის რომ უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიაროს მინიმუმ შენობა უნდა ჰქონდეს. უნივერსიტეტის მშენებლობის ნაწილი კი სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა, ახალი კანონის დაწერაც სწორედ ამიტომ დასჭირდათ .
ის რომ კანონმდებლობა შერჩევითია ამას ადასტურებს აგრარული უნივერსიტეტისთვის შეჩერებული ავტორიზაცია. რაში ედავებოდნენ, დღეს არავინ იცის. მაშინ კი მიზეზი ყველამ იცოდა-ხელისუფლებისთვის პრობლემა და "ხარვეზი" მხოლოდ კახა ბენდუქიძე იყო.
ერთი თვის განმავლობაში უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმეს. მას შემდეგ, რაც სასწავლებლის გაჩერებას ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა და საქმეში ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები ჩაერთვნენ, ხელისუფლება იძულებული გახდა, ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტისთვის სწავლის გაგრძელების უფლება მიეცა. სტუდენტები განათლების მაშინდელ მინისტრს, გიორგი მარგველაშვილს დაუპირისპირდნენ.
ბიძინა ივანიშვილისთვის უნივერსიტეტისთვის მხოლოდ კანონი არ დაწერილა. უკვე არსებულიც შეცვალეს ან დაარღვიეს. ერთ-ერთი მაგალითი -“წითელ ნუსხაში” დაცული ხეების მოჭრის უფლებაა.
ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძის ნებართვით ქუთაისის საერთაშირისო უნივერსიტეტის მშენებლობისთვის მოიჭრა უნიკალური 60 იმერული მუხა და 49 ძელქვა.
“ბიძინა ჩუქნის ქვეყანას" - ისევ რჩება წინასაარჩევნო ტრადიციულ გამოთქმად. სწორედ წინასაარჩევნოდ გვავიწყდება, რომ საჩუქრებს შენახვის ხარჯიც მოჰყვება. გაგვიხარდეს თუ გვეწყინოს – ამის თქმა მხოლოდ მაშინ შეგვეძლება, როდესაც მიღებულ შედეგსა და ხარჯებს ავწონ-დავწონით.