ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების უფასო სამართლებრივი დახმარების ქსელი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ამ დროისთვის, ცხელ ხაზზე 90-მდე პირის დაკავების შესახებ შევიდა ინფორმაცია.
მათი ინფორმაციით, ადვოკატები ამ დრომდე ცდილობენ დაკავებულების ადგილსამყოფელის დადგენას და მათ მონახულებას, რადგან გასული ღამის განმავლობაში, პოლიცია ადვოკატებს არ აძლევდა მათი ნახვის შესაძლებლობას.
"გასული ღამის განმავლობაში, უწყვეტად შემოდიოდა სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე დაკავებულების შესახებ ინფორმაცია. ამ დროისთვის 90-მდე პირის დაკავების შესახებ შემოვიდა ინფორმაცია.
ამ დრომდე ადვოკატები ცდილობენ დაკავებულების ადგილსამყოფელის დადგენას და მათ მონახულებას. მთელი ღამის განმავლობაში ისინი სამართალდამცველებს მანქანებსა და ავტობუსებში ჰყავდათ, რა დროსაც პოლიცია ადვოკატებს არ აძლევდა მათი ნახვის შესაძლებლობას.
ადვოკატები ელოდებიან დაკავებულთა იზოლატორებში დარეგისტრირების პროცედურის დასრულებას, რათა შეძლონ მათთან შეხვედრა და გასაუბრება," - წერია განცხადებაში.
ფოტო: პუბლიკა