თვითგამოცხადებული ხელისუფლების გადაწყვეტილებას ა(ა)იპ მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების 250-მდე თანამშრომელი ემიჯნება და ყველა ღონისძიებას დროებით აუქმებს

გამოქვეყნდა:

ვემიჯნებით ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტასა და ქვეყნის განვითარების კიდევ ოთხი წლით შეჩერებას - ნათქვამია ა(ა)იპ "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების" მედიათეკებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლების განცხადებაში, რომელსაც ხელს ამ დროისათვის 250-მდე თანამშრომელი აწერს: 

ა(ა)იპ "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების" მედიათეკებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლებს მიგვაჩნია და ღრმად გვწამს, რომ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისა და უკან მოტოვებული საბჭოთა წარსულისგან თავის საბოლოოდ დასაღწევად, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ნაბიჯები ყოველდღიურად უნდა გადაიდგას. ამიტომ ვემიჯნებით ამ პროცესის შეწყვეტასა და ქვეყნის განვითარების კიდევ ოთხი წლით შეჩერებას. 
ამავდროულად, ვგმობთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკი ძალის გამოყენებას! 
ჩვენი ბიბლიოთეკების წიგნის თაროებზე ყოველთვის იყო და იქნება ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვაჟა ფშაველას, პოლიკარპე კაკაბაძის, პაოლო იაშვილის ნაწარმოებები, სულხან-საბა ორბელიანის სიბრძნე და ყველა ის წიგნი, რომლებიც მომავალ თაობას ქვეყნის სიყვარულს გაუღრმავებს და მისი მომავლისთვის ბრძოლის ჟინს გაუღვივებს. 
აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენს ფილიალებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება დროებით უქმდება. " ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი