საგანმანათლებლო პროგრამა "ერუდიტი" თვითგამოცხადებული ხელისუფლებების ქმედებებისა და გადაწყვეტილების გამო, პროტესტის ნიშნად, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობას წყვეტს:
მოგახსენებთ, რომ „ერუდიტი“ დაფუძნების დღიდან ახორციელებს სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და შემეცნებით ახალგაზრდულ პროექტებს.
„ერუდიტი“ აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ახალგაზრდობის სააგენტოსთან, გარემოს დაცვის სამინისტროსთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან...
როგორც საქართველოს მოსახლეობის 77%-ზე მეტი „ერუდიტშიც“ ვთვლით, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად სახელმწიფო უწყებებმა უნდა მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა, რომ მოხდეს საქართველოს ინტეგრაცია ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში.
საქართველოს მთავრობის ბოლო დროის გადაწყვეტილებით შეჩერებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ეტაპები და საქართველოს მთავრობა 2028 წლამდე არ აპირებს ევროკავშირში წევრობის განაცხადების წარდგენას.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაირღვა:
1) საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი;
2) საქართველოს ისტორიული პოლიტიკური კურსი;
3) საქართველოს მოსახლეების 77%-ის ნება
(2008 წლის რეფერენდუმი ოფიციალური მონაცემები).
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა მოსახლეობის და განსაკუთრებით სტუდენტების, ახალგაზრდების პროტესტი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მხრიდან მოხდა არაპროპორციული ძალების გამოყენება რა დროსაც დაშავდა არაერთი სტუდენტი და ახალგაზრდა.
ჩვენთვის მიუღებელია ახალგაზრდებზე, სტუდენტებზე და ზოგადად მოსახლეობაზე სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი ფორმის ძალადობა...
ჩვენთვის მიუღებელია სახელმწიფოს გადაწყვეტილება ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებაზე...
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ ვაუქმებთ განათლების სამინისტროსთან, ახალგაზრდობის სააგენტოსთან, გარემოს დაცვის სააგენტოსთან და ყველა სახელმწიფო უწყებასთან ნებისმიერი ფორმით გაფორმებულ ხელშეკრულებებს, აქტებს, კონტრაქტებს და სხვა...
ჩვენ არ ვიზიარებთ ხელისუფლების კურს !
მოვუწოდებთ ხელისუფლებას:
დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია;
დაიცვას შეკრების და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი;
დაიცვას და აღასრულოს საქართველოს მოსახლეობის ნება.
საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი !" ნათქვამია განცხადებაში.