
ბოსტონში მცხოვრები ქართველები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან, სოლიდარობას უცხადებენ თანამოქალაქეებს და აპროტესტებენ თვითგამოცხადებული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელმაც ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა:
"ჩვენ, ბოსტონში მცხოვრები ქართველი სტუდენტები, მეცნიერები, ლექტორები და სხვა დარგებში მოღვაწე მოქალაქეები, ვაპროტესტებთ “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე შეაჩეროს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. გვჯერა, რომ ეს ნაბიჯი ყოველგვარი ლეგიტიმური და კეთილსინდისიერი მიზეზის გარეშე აფერხებს საქართველოს ევროსტრუქტურებში გაერთიანების პროცესს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
ასევე, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც სასტიკად დაარბიეს მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს და აქედან ვუერთდებით მათ. აბსოლუტურად მიუღებელია ჟურნალისტებზე და აქტივისტებზე მიზანმიმართული ძალადობა. მოვუწოდებთ ძალოვან სტრუქტურებს, შეწყვიტონ ძალის გამოყენება და არაკანონიერად ნუ ზღუდავენ მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას, რომელიც ასევე გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლში.
ჩვენ ვთვლით, რომ საქართველო უნდა დარჩეს ევროპულ ოჯახში გაერთიანების საუკუნოვანი მიზნის ერთგულად და “ქართულმა ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს ქართველი ხალხის ამ ნების სისტემატურად უგულვებელყოფა.
და ბოლოს, მადლობას ვუხდით ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც დღეს ჩვენ მაგივრადაც დაუღალავად და თავდადებით იბრძვიან ქვეყნის კეთილდღეობის დასაცავად. გიერთდებით შორეული ფრონტიდან." ნათქვამია განცხადებაში.
ვიდეოში წარმოდგენილია ხალხის მხოლოდ ნაწილი, რომლებმაც ყველაზე სწრაფად მოვახერხეთ შეკრება. განცხადებას ზურგს უმაგრებს პეტიცია იმავე ტექსტით, რომელსაც ხელს აწერს გაცილებით მეტი ადამიანი.