საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები "ოცნების" თვითგამოცხადებული ხელისუფლების გადაწყვეტილებას ემიჯნებიან

გამოქვეყნდა:

2028 წლამდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შეჩერება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან - ნათქვამია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების განცხადებაში, რომელსაც ამ დროისათვის 230-ზე მეტი ხელმოწერა აქვს.

განცხადება ღიაა ხელმოსაწერად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყველა თანამშრომლისათვის.

"სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, რომლებიც მრავალი წელი ვემსახურებით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზებას და ჩვენი ყოველდღიური შრომა მიმართულია უპირველესად, საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებისა და ინტერესების დასაკმაყოფილებლად, მივიჩნევთ, რომ ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების უმთავრესი მოვალეობა ჩვენი ქვეყნისა და თანამოქალაქეების გვერდით დგომაა.

ვაცნობიერებთ რა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მნიშვნელობას, ჩვენს ინდივიდუალურ თუ ერთობლივ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისათვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის აუცილებლობას, ქვეყნის ისტორიულ შესაძლებლობას, მიგვაჩნია, რომ 2028 წლამდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შეჩერება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ერთგული ვრჩებით რა საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებული  საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებისადმი, ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას, მოვუწოდებთ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს შეწყვიტონ ფიზიკური დაპირისპირება საქართველოს მოქალაქეებთან და ვემიჯნებით ყველა იმ ქმედებასა თუ გადაწყვეტილებას, რომელიც ეწინააღმდეგება თავად საქართველოს კონსტიტუციასა და კონკრეტულად მის 78-ე მუხლს. 

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ადგილი არის ჰუმანურ, დემოკრატიულ ღირებულებებსა და კანონის უზენაესობის პრინციპებზე დაფუძნებულ სახელმწიფოთა გვერდით. სწორედ იმ ღირებულებებსა და პრინციპებზე, რომლებიც თავად ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეყრდნობა და ამდენად, არ არის მისთვის უცხო. მაშასადამე, მისი ღირსეული ადგილი სწორედ ევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკურ-პოლიტიკურ გაერთიანებაშია." ნათქვამია განცხადებაში.


 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი