"ხელი არ გამინძრევია, როდესაც მაკავებდნენ. დამაკავეს, წამიყვანეს და უკვე პარლამენტს რომ გამაცილეს , თავისთვის სამშვიდობო ადგილას რომ გამიყვანეს, ვიღაცას მოუნდა ბეისბოლის თამაში და სახეში ბიტა [ჩამარტყეს] თავიდან სისხლის მოსაწმენდად "ნასკი" მომაწოდეს" - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც საპოლიციო ძალები სხვების მსგავსად, განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ. მას სახისა და თავის არეში მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული.
რაც შეეხება 21 წლის ბიჭის მდგომარეობას, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში მძიმე დაზიანებებით იმყოფება, ახლობლის ინფორმაციით, მდგომარეობა უცვლელია:
"ამ მომენტისთვის ალექსის მდგომარეობა ძველებურად არის. არ არის არც უკუსვლა არც პროგრესი. ველოდებით დროს. მთავარია შეშუპება რაც ჭრილობაშია ჩაცხრეს, რომ ექიმებმა შეძლონ შემდგომი მკურნალობა. რამდენიმე საათში უწევს მორიგი ტომოგრაფიის გადაღება და სრული სურათი გვექნება" ამბობს 22 წლის ალექსის მეგობარი.
დაწყებულია თუ არა გამოძიება გდდ-ის თანამშრომლების მიმართ, რომლებიც მომიტინგეებს და მედიის წარმომადგენლებს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან, უცნობია.
მაშინ როდესაც არალეგიტიმური შს მინისტრის, სანქცირებული მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე აქციის მონაწილეების მხრიდან ჩადენილ "დანაშაულებზე" საუბრობდა, არც ერთი სიტყვა არ უთქვამს გდდ-ის მიერ მხრიდან ძალადობაზე.
"მთავარი არხის" ჟურნალისტმა ქეთა ციცქიშვილმა სცადა მიეღო პასუხი კითხვაზე, აქვს თუ არა ნანახი აქციის მონაწილეებზე, მათ შორის, ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის კადრები და მიმდინარეობს თუ არა მოძალადე სპეცრაზმელების ქმედებებზე გამოძიება - არალეგიტიმური მინისტრის მოადგილე ამ კითხვამ გააღიზიანა და ჩვენი ჟურნალისტი პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა, კითხვაზე კი პასუხი არ გასცა.