
ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია ტელეწამყვანი შოთა დიმიტრიშვილი. ის ჭიჭინაძის ქუჩაზე დააკავეს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, თუმცა კონკრეტული მუხლები უცნობია.
ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული ნაცემია. მისივე თქმით, სხვა დაკავებულების მსგავსად, შოთა დიმიტრიშვილიც გდდ-ის ხელმძღვანელთან მიიყვანეს, რომელიც დაკავებულებს ამცირებდა.
"არანაირი შეურაცხყოფა მისი მხრიდან, არანაირი პროვოკაცია არ ყოფილა. როგორც თვითონ ამბობს, რაღაც მომენტში, პოლიციის კორდონიდან ნიღბიანები გამოვარდნენ და ვინც მოხვდათ ხელში დააკავეს. ურტყამდნენ ხელებს, ფეხებს, იყო გინება, ფურთხება, შეურაცხყოფა და შემდგომში აიყვანეს ზევით, სადაც ავტომობილი იდგა, იქ უკვე იჯდა ხარება, როგორც თვითონ ამბობს და ის დამცინავად, ირონიულად ვიდეოს უღებდა დაკავებულებს და შეურაცხყოფას აყენებდა." ამბობს ჯუბა ქათამაძე