მესხიშვილის თეატრის დასის წევრები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ ყოველგვარ ძალადობასა და სიძულვილს ემიჯნებიან.
"სადაც ძალადობა სუფევს, ხელოვნება და სიმართლე ვერ არსებობენ", - ბერტოლტ ბრეხტი. ჩვენ, ლადო მესხიშვილის თეატრის დასის წევრები, აღშფოთებული ვართ იმ დაპირისპირებით, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. ჩვენი თეატრი ყოველთვის იყო თავისუფლების, მართალი სიტყვის, ეროვნული იდეების გაჟღერების და დაცვის სივრცე, ამიტომ როდესაც ჩვენი სამშობლო რთულ პერიოდს განიცდის, ვერ ვიქნებით მდუმარედ. ჩვენი გზა არის ევროპისკენ – ეს არის თავისუფლების, დემოკრატიისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების გზა. ეს არის გზა, სადაც პატივს სცემენ ადამიანის ღირსებას, გამოხატვის თავისუფლებასა და სამართლიანობის პრინციპებს. რუსეთი, როგორც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპანტი, არის ძალადობის სიმბოლო, რომელიც ძირს უთხრის თავისუფლებასა და განვითარებას. ჩვენი არჩევანი ნათელია: ჩვენ ვირჩევთ ევროპულ ღირებულებებს – ცივილიზებულ, ჰუმანურ და პროგრესულ მომავალს.
ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და სიძულვილს, რომელიც ძირს უთხრის ჩვენი საზოგადოების განვითარებას. თეატრი ყოველთვის იდგა სიყვარულისა და მშვიდობის მხარეს, და ჩვენი სცენა აგრძელებს იმ ღირებულებების წარმოჩენას, რომლებიც აშენებენ უკეთეს საქართველოს.
მოვუწოდებთ ყველას: პატივი სცენ ერთმანეთის უფლებებს და თავისუფლებას, უარი თქვან ძალადობაზე და სიძულვილზე, იმოქმედონ ისეთი ქვეყნის შესაქმნელად, რომელიც დაფუძნებულია ჰუმანიზმსა და თანასწორობაზე.
ლადო მესხიშვილის თეატრი რჩება შთაგონების და ერთიანობის ადგილად, სადაც ხალხს შეუძლია იპოვოს იმედი და ძალა უკეთესი მომავლისთვის. ერთად, ევროპისკენ!", - ნათქვამია განცხადებაში.