გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, განათლების ახალ მინისტრთან შეთანხმებით, რატომღაც გადაწყვიტა, რომ 2025 წლის საგამოცდო პროგრამა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო ლიტერატურის ჩამონათვალისთვის შეესაბამებინა. ამ კონგენიალური იდეის განხორციელებისას აღმოჩნდა, რომ ნაბან წყალს, ბავშვისა რა გითხრათ, მაგრამ ქართული ლიტერატურული შედევრები კი ნამდვილად გადააყოლეს.
სპეციალისტების ამგვარ ხისტ დამოკიდებულებასთან ერთად, განათლების სამინისტროს ამ უცნაურმა გადაწყვეტილებამ, საზოგადოების აღშფოთებაც გამოიწვია, რადგან უარესი მოლოდინის განცდა გაჩნდა.
იმ ლიტერატურული შედევრების ჩამონათვალი, რომელთა ცოდნასაც აბიტურიენტებს მისაღებ გამოცდაზე აღარ შეუმოწმებენ საკმაოდ ვრცელი და შთამბეჭდავია. მათი ასე, ერთი ხელის მოსმით, საგამოცდო მასალიდან გაქრობა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების ნაწილში, ძალიან კონკრეტულ და მათთვის საგანგაშო ეჭვებს აჩენს.
ქართველი მწერლებისა და პოეტების შემოქმედების, არამხოლოდ ლიტერატურული არამედ ისტორიული და ეროვნული მნიშვნელობიდან გამომდინარე, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება, საგამოცდო პროგრამის გამოშიგვნის თაობაზე, საზოგადოებამ არამხოლოდ ლიტერატურულ ტექსტებზე არამედ ქართულ იდენტობაზე მიტანილ იერიშად აღიქვა.
ხელისუფლება თავს იმართლებს და ამბობს, რომ ქართული ლიტერატურის ის შედევრები, რომლებიც საგამოცდო პროგრამაში ვერ მოხვდა, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო ნაწარმოებთა ნუსხაში ისედაც არ არსებობდა და ამ ფაქტს პრემიერმინისტრ კობახიძე წინა მთავრობის, მავნებლურ პოლიტიკას უკავშირებს.
პრემიერის ეს განცხადება ან მიზანმიმართული ტყუილი ან საკუთარ ამომრჩეველზე გათვლილი დემაგოგიაა, რადგან ფაქტები სულ სხვა რამეზე მეტყველებს. 2004-2005 წლებში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით პროექტ "ილია ჭავჭავაძის" ფარგლებში, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი დაარსდა, რომლის დროსაც პირველი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა შეიქმნა და რომლის საფუძველზეც, 2006 წლიდან, სასწავლო სახელმძღვანელოების განვითარება დაიწყო.
საქართველოში სასწავლო გეგმები ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ იცვლება და შემდეგი ეტაპი 2011-2016 წლებში დადგა. მეორე თაობის სასწავლო გეგმაში სამინისტრომ ავტორებისა და ნაწარმოებების უფრო კონკრეტული და საკმაოდ მასშტაბური ნუსხა წარმოადგინა.
ამის გამო სავალდებულო ჩამონათვალის ნუსხიდან, როგორც ავტორები, ასევე ნაწარმოებები ეტაპობრივად იცხრილებოდა, თუმცა ეს პროცესი, არა წინა მთავრობის პერიოდში, როგორც ამას პრემიერმინისტრი იუწყება, არამედ სწორედ "ქართული ოცნების" დროს დაიწყო.
ღია წყაროების კვლევის შედეგად დადასტურებული ფაქტია, რომ 2007 წლიდან მოყოლებული ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებებს განიცდიდა და ეს ცვლილებებიც, როგორც წესი, მხოლოდ, მეოცე საუკუნის ქართველი პოეტების ლექსებს შეეხებოდა. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში კი ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა საერთოდ აღარ შეცვლილა.
კულტურის მკვლევარი, პროფესორი ივანე წერეთელი გადამალულად უპირველეს ყოვლის საქართველოს ისტორიის პროგრამაში ვერ მოხვედრილ იმ ფურცლებს გულისხმობს, რომლებიც საქართველოში ცარიზმის წინააღმდეგ XIX საუკუნის პირველ ნახევარში აფეთქებულ აჯანყებებს უკავშირდება.