
მათ თითოეულის ვინაობა იციან, ეს იყო კარგად ორგანიზებული ჯგუფი - ამბობს ტვ პირველის ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე, რომელსაც კაციტაძის საგამოძიებო სამსახურიდან გამოძიების მოლოდინი არ აქვს:
"არ მჯერა, რომ კოკა კაციტაძის უწყების ინტერესში შედის, ან მათი მიზანია ამ დამნაშავეების გამოვლენა იმიტომ რომ ეს ადამიანები ხელისუფლების მიერ გამოგზავნილი ადამიანები არიან, ისინი არბევდნენ ქუჩაში აქციის მონაწილეებს, ისინი გაგვისწორდნენ ჩვენ, პატრული გვერდით მედგა და არ რეაგირებდა, საკუთარ თავს დაიჭერენ? არანაირი მოლოდინი არ მაქვს, მხოლოდ მედია გამოიძიებს ამ ამბავს და კოკა კაციტაძის უწყება იმუშავებს ისე, როგორც მუშაობდა აქამდე - ამბობს მაკა ჩიხლაძე.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულზე მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. მათივე მტკიცებით, გამოიკითხა გიორგი ლალიაშვილი და ჩატარდა მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, გამოკითხვაზე დაბარებულია ლუკა თოფურიძე.
შეგახსენებთ, სწორედ აღნიშნულ პირებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი თავდასხმაში მონაწილეობდნენ.