მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორი, გიორგი ყურუა ქართული ოცნების ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიჯნება და ამბობს, რომ დაკავებული თანამდებობა დატოვა.
ყურუა გათავისუფლების მოთხოვნით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერს მიმართა:
"ოჯახური პირობების და გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე ვერ ვახერხებ ჩემზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, შესაბამისად მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო დაკავებული პოზიცია. გთხოვთ, გამანთავისუფლოთ ა(ა)იპ მარტვილის მუნიციპალიტეტის კურტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან", - წერია განცხადებაში.
ის სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ პირობებში თანამდებობაზე დარჩენა მიუღებელია.
"ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩემთვის როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორის პოზიციაზე დარჩენა მიმაჩნია მიუღებლად... საქართველო გაიმარჯვებს... საქართველოს გარუსება ვერ მოხდება! საქართველო გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი ოჯახის წევრი...", - წერს ყურუა.