ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ მამუკა ჯორბენაძის და 4 სტუდენტის დაკავებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებენ და მათ გათავისუფლებას ითხოვენ.
"3 დეკემბერს, უნივერსიტეტში მისულებს დაგვხვდა ჩვენი ფურცელი ახეული, რომელიც გამოხატავდა პროტესტს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
შესაბამისად, დავაპირეთ ხელახლა გაგვეკრა ჩვენი პლაკატი, რა დროსაც უნივერსიტეტის ერთ-ერთი ლექტორი, თეა ცაგურია აგრესიულად განეწყო ამ ფაქტთან დაკავშირებით და დაგვიწყო ჩხუბი.
ამ ყველაფერს შეესწრო ბატონი მამუკა ჯორბენაძე. დაიჭირა ჩვენი, სტუდენტების მხარე და უთხრა ქ-ნ თეას, რომ სტუდენტებთან ზრდილობის ფარგლებში წარემართა დიალოგი, რასაც მოყვა ქ-ნ თეას გაღიზიანება და შეურაცხყოფის კორიანტელი ბატონი მამუკას და სტუდენტების მისამართით.
ამას გარდა ქალბატონი თეა ბრალს გვდებდა სტუდენტების გარკვეულ ნაწილს, დანარჩენი სტუდენტების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, რაც სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება მოახდინა ქ-ნ თეას მეუღლემ, ირაკლი დევაძემ, რომელიც წარმოადგენს თანამდებობის ერთ-ერთ პირს. იგი ბატონ მამუკას უგზავნის მუქარის შემცველ ტექსტებს და იბარებს შეხვედრაზე, რასაც სქრინიდანაც ვკითხულობთ. ამის შემდეგ, ბ-ნ ირაკლი მიდის უნივერსიტეტში თანმხლებ პირთან ერთად და ფიზიკურად უსწორდება ბატონ მამუკას, რასაც ცხადია, სტუდენტების რეაგირებაც მოყვა.
ჩვენ, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები, სოლიდარობას ვუცხადებთ უკანონო პატიმრობაში მყოფ, ბატონ მამუკა ჯორბენაძეს და დანარჩენ 4 სტუდენტს. ვითხოვთ მათ განთავისუფლებას!" - წერია სტუდენტების განცხადებაში.
განცხადებასთან ერთად სტუდენტები უნივერსიტეტის ერთ-ერთი ლექტორის, თეა ცაგურიას ქმრის ირაკლი დევაძის მიმოწერის სქრინსაც ავრცელებენ:
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორი და ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი 9 დეკემბერს დააკავეს. მათ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება. მამუკა ჯორბენაძის ადვოკატის თქმით, პროფესორი და მისი სტუდენტები პოლიტიკური ნიშნით დააკავეს.
მამუკა ჯორბენაძე ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. ის აქტიურად იყო ჩართული სასწავლებლის გაფიცვის ორგანიზებაში. ამ უნივერსიტეტის ბევრი სტუდენტი გაფიცულია და პროევროპულ კურსს უჭერს მხარს.