აქციაზე დაკავებული ჟურნალისტი ბესლან კამუტოვი, იზოლატორიდან გამოსვლისთანავე საემიგრაციოში დაიბარეს

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტი ბესლან კამუტოვი, რომელიც აქციაზე დააკავეს, იზოლატორიდან გამოსვლისთანავე საემიგრაციო სამსახურში დაიბარეს. კამუტოვი  "კავკასკი უზელის"  კორესპონდენტია. გამოცემა რუსეთში "უცხოეთის აგენტადაა" გამოცხადებული.

ჟურნალისტისთვის უცნობია, რა გახდა უწყებაში დაბარების საფუძველი, რადგან მას საქართველოში ცხოვრების უფლება უკვე რამდენიმე წელია აქვს. ის ქვეყანაში 2007 წლიდან ცხოვრობს. 

კამუტოვი აქციაზე 7 დეკემბერს,  მობილური ტელეფონით გადაღებისას დააკავეს. ტელეფონი კი წაართვეს. წინასწარი დაკავების იზოლატორში კი "მთავარი არხის" ტელეწამყვან, ბექა ყორშიასთან ერთად აღმოჩნდა.

9 დეკემბერს სასამართლომ კამუტოვს 2 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ჟურნალისტისთვის წართმეული მობილური ტელეფონი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.  

"მე 2019 წელსაც დამაკავეს გავრილოვის ღამის დროს. მაშინ სპეცრაზმის მიერ ვიყავი დაჭრილი და პოლიციამ ეს საქმე არ გამოიძია. არსებობს ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნას. ახლაც ყოველგვარი მიზეზის გარეშე დამაკავეს, როდესაც უბრალოდ ვიდექი და ფოტოებს ვიღებდი. შეიძლება ითქვას, რომ მომპარეს ტელეფონი, რადგან არც აქტი შეუდგენიათ და არც დაუბრუნებიათ თავად ტელეფონი, შემდეგ კი 2000 ლარით დამაჯარიმეს. ჩემთან ერთად, ბექა ყორშიასაც სცემდნენ დაკავებისას. მერე ირონიულად ეკითხებოდნენ რა გტკივაო, იმან უპასუხა საქართველო მტკივაო და კიდევ უფრო მაგრად დაუწყეს ცემა, შენ საქართველოს სიყვარული რა იცი, იაღოველი ხარო" ამბობს ჟურნალისტი. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი