"ხელისუფლების მიერ წახალისებული კრიმინალები პროვოცირებდნენ... შევეცადე სიტუაციის განეიტრალებას და ამ დროს ჩამარტყეს შუშის ბოთლი" | კვიტაიშვილი

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი, ნინო კვიტაიშვილი მასზე მომხდარი თავდასხმის დეტალებს "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" იხსენებს და ამბობს, რომ შეუძლია იმ პირის ამოცნობა, ვინც მას ბოთლი ჩაარტყა. რაც შეეხება მომხდარს. შემთხვევა 3-4 დეკემბრის ღამეს, "კოალიცია ცვლილებისთვის" ოფისის ტერიტორიაზე მოხდა: 

"3-4 დეკემბრის ღამით, აქციაზე ვერ ჩავდიოდი შაკიკის გამო და გადავწყვიტე დავხმარებოდი ადამიანებს ვინც დაზარალდებოდნენ და ჯიბით დამქონდა დექსამეტაზონი, ფიზიოლოგიური ხსნარი და ამ მიზნით ჩავედი ოფისის წინაც და შევყოვნდი იქ. როგორც აღმოჩნდა, ხელისუფლების მიერ წახალისებული კრიმინალები აშკარად პროვოცირებდნენ. დავინახე როგორ იდგა ახალგაზრდა შუშის ბოთლით, როგორ ლესავდა ამ ბოთლს კედელზე, შემდეგ დადგა ბოთლი, თვითონ შევიდა სახლში. წარმოიდგინეთ, მე ის პირველი ბოთლი მოვპარე და გადავუმალე და დავბრუნდი ჩემს ადგილზე. გამოვიდა, დაიწყო ძებნა, ვერ იპოვა და შებრუნდა ეზოში და უკვე დაბრუნდა ახალი ბოთლით და დაიწყო მაპროვოცირებელი შეძახილები ჩვენი თანამოაზრეების მიმართ. იმისთვის, რომ არ მომხდარიყო ესკალაცია, ეს ახალგაზრდაც არ იყო მარტო, ვხედავდი ქალბატონსაც, როგორც ვიცი მისი ბებია იყო, რომელმაც არათუ არ შეაჩერა, პირიქით, ისიც პროვოცირებდა ამ კონფლიქტს, იქვე იდგა სხვა ახალგაზრდაც. უშვერი სიტყვები მოდიოდა, რასაც ბუნებრივია, რომ საპასუხოდ აქედანაც მოჰყვებოდა რეაქცია, შევეცადე განეიტრალებას, ახალგაზრდებს შორის ჩავდექი, ბებიას ვეხვეწებოდი შეეყვანა და ამ დროს ჩამარტყეს შუშის ბოთლი და დავკარგე გონება, რასაც შემდეგ მოჰყვა სასწრაფოს მიერ ჩემი  გადაყვანა რესპუბლიკურ საავადმყოფოში" ამბობს კვიტაიშვილი, რომელსაც მიღებული მძიმე დაზიანებების გამო ოპერაცია დასჭირდა.

ამის შემდეგ, კვიტაიშვილის თქმით, მას გამომძიებელი დაუკავშირდა და კითხა - "მომიტინგემ ჩაგარტყა ხო ბოთლიო"? რაზეც "პოლიცია ცვლილებისთვის" წევის თქმით, უპასუხა, რომ მოძალადის ამოცნობა შეეძლო - "მე პირადად შემიძლია ვთქვა, ვის ჰქონდა ხელთ ეს ბოთლი" ამბობს კვიტაიშვილი, რომლის საქმეც გამოძიებისთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.  

რაც შეეხება დაზიანებებს, კვიტაიშვილის ინფორმაციით, ფორმა 100-ში, დიაგნოზში წერია ყვრიმალისა და ზედა ყბის ძვლების მოტეხილობა, მარჯვენა ყვრიმალ ზედა ყბის მოტეხილობა, ცხვირის ძვლის მოტეხილობა, ჭრილობა ცხვირის არეში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი