
"კენწეროში გატკბილდების?!" - ამ სახელწოდებით განათლების სამინისტროსთან სტუდენტების საპროტესტო აქცია ხვალ, 16:00 საათზე გაიმართება. აქციის ორგანიზატორები: სტუდენტები ხმების დასაცავად, თსუ-ის სტუდენტური მოძრაობა და სხვა სტუდენტები არიან.
როგორც ღონისძიების ანონსშ წერია, "ქართული ოცნების" 12-წლიანი მმართველობის პირობებში უმაღლესი განათლების სისტემის ხარისხი საგრძნობლად ჩამორჩა ევროპული უმაღლესი განათლების სისტემის ხარისხს.
სტუდენტები ამბობენ, რომ ემიჯნებიან იზოლაციაში მოქცეულ, რუსულ განათლებას და საერთაშორისო სტანდარტის ევროპულ განათლებას ირჩევენ.
"მმართველობის მე-12 წლის თავზე მთლიანად განათლების სექტორს აქვს დაკარგული პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და მოქცეულია პარტიული გავლენების ქვეშ. ამ ყველაფერმა კი გამოიწვია, ჯერ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის მიერ ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეგისტრაციის დაკარგვა, ხოლო შეუქმნა საფრთხე უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრობას. ქართველი სტუდენტები ვკარგავთ უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობას, დიპლომების საერთაშორისო არენაზე აღიარების, ევროპული განათლების მიღების შესაძლებლობას. ქართული განათლების სისტემა ევროპული საგანმანათლებლო სივრცისაგან იზოლაციაში ექცევა.
გვიჩნდება კითხვა: თუ დავკარგავთ უკეთესი, ევროპული განათლების მიღების შესაძლებლობას, კენწეროში ნამდვილად გატკბილდების?
ქართველი სტუდენტები ვემიჯნებით იზოლაციაში მოქცეულ, რუსულ განათლებას და ვირჩევთ საერთაშორისო სტანდარტის ევროპულ განათლებას. ამიტომ, სტუდენტები და ლექტორები, 11-ში, ოთხშაბათს, 4 საათზე ვიკრიბებით განათლების სამინისტროსთან. ერთად შევახსენოთ განათლების სექტორში დასაქმებულებს, ვის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი და რისთვის მუშაობენ", - წერია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, სტუდენტები აპირებენ, რომ მარშით შეუერთდებიან პარლამენტთან მიმდინარე აქციას.
"8-ის ნახევარზე კი მარშით ვუერთდებით პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას და აქციის მოთხოვნებს: -დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები; -დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს; -გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები", - ამბობენ სტუდენტები.