"შეუძლებელია [ტრამპის გუნდი ოცნებასთან დალაგდეს], ტრამპის ახლო გარემოცვასთან მქონდა შეხვედრა, მითხრეს, რომ საქართველოს არჩევნები ძალიან ჰგავს ვენესუელის არჩევნებსო" | ნიკა გილაური

გამოქვეყნდა:

კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერმინისტრი ნიკა გილაური ამბობს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახლო გარემოცვასთან შეხვედრები ჰქონდა, რა დროსაც საქართველოში ჩატარებული არჩევნები განიხილეს.

გილაური ამბობს, რომ განხილვისას საქართველოს არჩევნები ვენესუელაში ჩატარებულ არჩევნებს შეადარეს. გარდა ამისა, ყოფილი პრემიერი გამორიცხავს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ქართულ ოცნებასთან ურთიერთობები დაამყაროს.

"შეუძლებელია [ტრამპის გუნდი ქართულ ოცნებასთან დალაგდეს]. 2-3 კვირის წინ, ვიყავი ვაშინგტონში. ძალიან ბევრი საინტერესო შეხვედრა მქონდა, მათ შორის, ტრამპის ძალიან ახლო გარემოცვასთან, მარკო რუბიოს [სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი მდივანი] ძალიან ახლო გარემოცვასთან. როცა დავიწყეთ ლაპარაკი საქართველოზე, არჩევნებზე - პრინციპში გამაწყვეტინეს, მითხრეს, რომ ყველაფერი კარგად ვიცითო. ძალიან ჰგავს საქართველოს არჩევნები ვენესუელის არჩევნებსო, ბევრი წლის განმავლობაში ვსწავლობდით მათ არჩევნებს, ამიტომ, არ გვჭირდება დამატებითი ინფორმაცია. ზუსტად ვიცით, რაც მოხდაო საქართველოში - ჩვენც გავაკეთეთ პატარა ანალიზიო. ვენესუელას, რუსეთის, ირანის და ჩინეთის ტიპის ავტოკრატიას, რომელსაც დაემსგავსა დღეს საქართველო, საქართველოს ავტოკრატიას ნამდვილად არ აქვს არანაირი შანსი, რომ დაამყაროს რაიმე კარგი, ქმედითუნარიანი ურთიერთობები აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.

ეს არის აშშ-თვის სრულიად მიუღებელი ტიპის ავტოკრატია, რომელსაც ამერიკა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო და პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც დემოკრატიულად არჩეულია, მათთვის მიუღებელია ასეთ ავტოკრატიებთან ახლო, მეგობრული ურთიერთობების დამყარება. ასე რომ, ტყუილად იტყუებენ თავს და ტყუილად ატყუებენ ხალხს, რომ "20 იანვარი მოვა", "ტრამპი მოვა" და ახალი აღრიცხვა დაიწყება საქართველო-ამერიკას შორის, ეს შეუძლებელია. ეს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის საწინააღმდეგო რამ, აშშ საგარეო პოლიტიკა ვერ დაეყრდნობა ვენესუელა-რუსეთი-ირანი-ჩინეთის ტიპის ავტოკრატიას - ეს შეუძლებელია. რატომ აქვს ვინმეს ამის იმედი, ეს ჩემთვის სასაცილოა", - თქვა გილაურმა "მთავარი არხის" ეთერში.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი