
ოლიგარქის შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც შს მინისტრს უფლებამოსილება ენიჭება, პოლიციაში სამუშაოდ პირი სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე მიიღოს, თავს იმართლებს.
შსს-ს მტკიცებით, თანამდებობაზე დაინიშნება საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე, რომელიც ფლობს ქართულ ენას, აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც "თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების შესაბამისად შეუძლია შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები".
"განვმარტავთ, რომ პოლიციის გასამხედროებულ დანაყოფებში, სადაც სამსახურის გავლის განსხვავებული რეჟიმი მოქმედებს, მსახურობენ სამხედრო წოდების მქონე პირები. ამასთან, სამხედრო მოსამსახურე მიიღება კონკურსის გარეშე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან სამხედრო სამსახური იარსებებს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში, შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან სამხედრო წოდებით ვერ დაინიშნებიან, რაც განაპირობებს გასამხედროებული დანაყოფების საპოლიციო წესებზე გადასვლას და საპოლიციო კონკურსზე დაქვემდებარებას.
შესაბამისად, "პოლიციის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, პოლიციაში სამსახურის მიღების გარკვეული წესების მოდიფიცირებასა და იმ პოზიციებზე, რომელიც გასამხედროებულ რეჟიმს უკავშირდება, მიღების განსხვავებული წესის დადგენას. ყველა ეს გარემოება შემოწმდება სამსახურში მიღების პროცესში. კანდიდატი, რომელიც არ აკმაყოფილებს შესაბამისი პოზიციისთვის დადგენილ განათლების, ფიზიკური მომზადების, ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს, სამსახურში არ მიიღება", - ამბობენ შსს-ში.