
არასამთავრობო ორგანიზაციები პირების იძულებით გამოკითხვასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ "ქართული ოცნება" საპროტესტო აქციებში მონაწილე და აქტიურ მოქალაქეთა წინააღმდეგ საპოლიციო ტერორის ახალ ფორმებს იყენებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, პოლიციელები მოქალაქეების მისამართზე მიდიან და ისინი იძულებით, საფუძვლის განმარტების გარეშე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გადაჰყავთ. ადვოკატებს კი ამ მოქალაქეებთან შეხვედრის შესაძლებლობა არ ეძლევათ.
არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ჩვენების მიცემა სავალდებულო მხოლოდ მაგისტრატ მოსამართლესთან დაბარების დროსაა, რაც პოლიციის ზემოაღნიშნულ ქმედებებს უკანონოს ხდის.
"ბოლო დღეებში ხელისუფლება საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილე და აქტიურ მოქალაქეთა წინააღმდეგ საპოლიციო ტერორის ახალ ფორმებს იყენებს. არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე მუდმივად გვატყობინებენ, რომ პოლიცია საპროცესო კანონმდებლობასა და მოქალაქეთა უფლებებს ხელყოფს.
კერძოდ, პოლიციელები აქციაში მონაწილე მოქალაქეების მისამართზე მიდიან, მათ ან მათი ოჯახის წევრებს ეუბნებიან, თითქოს უწყების ჩაბარება სურთ და ითხოვენ ბინაში შეშვებას, შემდგომ კი იძულებით, მოქალაქეთა ნების საწინააღმდეგოდ და საფუძვლის განმარტების გარეშე, გადაჰყავთ ისინი შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. მათი გამოკითხვაც იძულებით მიმდინარეობს. ადვოკატებს არ ეძლევათ მოქალაქეებთან შეხვედრისა და წარმომადგენლობის გაწევის შესაძლებლობა. ადვოკატებმა გასული დღეების განმავლობაში რამდენჯერმე სცადეს იძულებით გადაყვანილ პირებთან შესვლა, თუმცა, უშედეგოდ.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ცალსახად უთითებს, რომ გამოკითხვის ჩამტარებელი მხარე ვალდებულია, გამოსაკითხ პირს თავიდანვე განუმარტოს, რომ გამოკითხვა ნებაყოფლობითია და რომ მას ასევე უფლება აქვს, ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით. ჩვენების მიცემა სავალდებულო მხოლოდ მაგისტრატ მოსამართლესთან დაბარების დროსაა, რაც პოლიციის ზემოაღნიშნულ ქმედებებს უკანონოს ხდის.
ამრიგად, პოლიციის მიერ მოქალაქეთა უკანონო დაკავება, გამოკითხვაზე იძულებით გადაყვანა, იძულებით გამოკითხვა და ადვოკატებისთვის წარმომადგენლობის უფლების შეზღუდვა საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის უხეში დარღვევაა, რაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს," - წერია განცხადებაში.