"საპროტესტო აქციებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტში იბარებენ" | არასამთავრობო ორგანიზაციები

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საპროტესტო აქციებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში იბარებენ. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები ურეკავენ და ყოველგვარი განმარტების გარეშე, დაუყოვნებლივ გამოცხადებას სთხოვენ. 

ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებაში წერენ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტში გამოცხადებულ ერთ-ერთ პირს იძულებით დაატოვებინეს საქართველოს ტერიტორია სხვა ქვეყნის გავლით, რაც არ შეესაბამება ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს.

"არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე ბოლო დღეებში შემოსული ინფორმაციის თანახმად, საპროტესტო აქციებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შსს მიგრაციის დეპარტამენტში იბარებენ. შესამჩნევია, რომ მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები ურეკავენ და დეპარტამენტში დაუყოვნებლივ გამოცხადებას სთხოვენ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. დეპარტამენტის თანამშრომლები მათ არ უმარტავენ დაბარების სამართლებრივ საფუძველს. ამასთან, მათ უმრავლესობას აქვს საქართველოში ყოფნის კანონიერი საფუძველი.

პარალელურად, გავრცელებული ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტში გამოცხადებულ ერთ-ერთ პირს იძულებით დაატოვებინეს საქართველოს ტერიტორია სხვა ქვეყნის გავლით.

მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყნიდან გაძევება არ შეესაბამება ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს. მიგვაჩნია, რომ ამ ღონისძიების გამოყენება, ამ პირებისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციის დაკისრების პარალელურად, დაუსაბუთებელია და უნდა შეწყდეს.

მიგრაციის დეპარტამენტში დაბარების შემთხვევაში, შეგიძლიათ:

  • მოითხოვოთ განმარტება - რა მიზნით ხდება თქვენი ადმინისტრაციულ ორგანოში დაბარება;
  • მოითხოვოთ ოფიციალური უწყების წერილობითი ფორმით გამოგზავნა;
  • დაუკავშირდეთ თქვენი ქვეყნის საკონსულოს/საელჩოს საქართველოში;
  • დაუკავშირდეთ ადვოკატს და მიიღოთ სამართლებრივი დახმარება," - წერია ერთობლივ განცხადებაში. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი