
ძიუდოისტი, სამბისტი და თავისუფალი სტილით მოჭიდავე, გენერალ-მაიორი შენგელი ფიცხელაური მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ქვისლი და შევარდნაძის უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსანი დღეიდან მეცნიერებათა აკადემიას შეუერთდება, თუმცა რა მისიით უცნობია.
შენგელი ფიცხელაურთან ერთად აკადემიის წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის სიმამრი, ანზორ აბრალავაც.
აკადემიკოსის სტატუსით აკადემიას დღეიდან ახალი წევრი გიორგი სოსიაშვილი შეემატა. ცნობილი, როგორც ოლიგარქის მორჩილი, რუსული კანონის მხარდამჭერი და საშუალოზე დაბალი დონის ისტორიკოსი „ქართული ოცნებიდან“. მწირი და ღარიბი სამეცნიერო ბიოგრაფიით სოსიაშვილი აკადემიკოსებისთვის მიუღებელი კანდიდატი იყო. მის არჩევას საბჭოს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა, თუმცა გადამწყვეტი მაინც პრორუსი ივანიშვილის ნება აღმოჩნდა, რომელმაც ერთგულ დეპუტატს ახირებაზე უარი არ უთხრა.
სოსიაშვილი წინა ხელისუფლების დროს პრეზიდენტ სააკაშვილის მეხოტბე იყო. ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი გორში მათ საერთო ღონისძიებებზე გადაღებულ ფოტოებსაც ინახავს.
გიორგი სოსიაშვილს რომ პარტია აკადემიკოსობისთვის ამზადებდა, ყველამ იცოდა. მიუხედავად ამისა, პროფესორმა ზურაბ პაპასქირმა სოსიაშვილის კონკურენტად საკუთარი კანდიდატურა მაინც წარადგინა.
მეცნიერებათა აკადემიას დღეს კორუფციით ცნობილი როინ მეტრეველი მართავს. კაცი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ბექა ყორშიას ერთი ზარით ირაკლი ღარიბაშვილის აკადემიკოსობას დათანხმდა.
მეცნიერთა წრეს დღეს 30-მდე წევრ-კორესპონდენტი და 10-მდე აკადემიკოსი შეემატა. აკადემია ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 5 მილიონზე მეტს იღებს, რასაც პრემიებიც ემატება. რეალობა კი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ოლიგარქის მარწუხებში მოქცეული აკადემიკოსები საზოგადოების ინტერესებს ყოველდღიურად შორდებიან.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე