
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, გიორგი გაბუნია იმ დეტალებს ყვება, რომლის საშუალებითაც, ზაზა ოქუაშვილმა მთავარი არხის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას წესდების შეცვლა აიძულა და ხელში ჩაიგდო მნიშვნელოვანი ბერკეტი:
"გრძელვადიანი გეგმა ჰქონდა ზაზა ოქუაშვილს იმიტომ, რომ ხვდებოდა, მისი დეპუტატები შეიძლება სიაში ვერ მოხვედრილიყვნენ, ამას ყველა ვხვდებოდით და არც თვითონ მალავდა. როდესაც ნიკამ განაცხადა, რომ მიდიოდა პოლიტიკაში, ტელევიზია რჩებოდა დირექტორის გარეშე. აქ წესდება ისეთია, რომ ახალი დირექტორი რომ დაინიშნოს, საჭიროა ყველა ძირითადი დამფუძნებლის თანხმობა. ნიკა ასე ვერ წავიდოდა, არხი დარჩებოდა დირექტორის გარეშე და იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, აკრძალული იქნებოდა ტრანზაქციები, ვეღარ გაფორმდებოდა კონტრაქტები და არხი წავიდოდა ლიკვიდაციაზე და დაიხურებოდა.
ზაზა ოქუაშვილმა ისარგებლა მაშინვე. ივლისის ბოლოდან დაიწყო მოლაპარაკებები რომ ნიკა უნდა წავიდეს. ზაზა ოქუაშვილმა დაიწყო მცდელობა, რომ წესდება შეეცვალა, რომ თავის დირექტორი დაესვა აქ. ეს გაგრძელდა თვეების განმავლობაში და ძლივს მიღწეულ იქნა შეთანხმება 2024 წლის მარტში, როდესაც საბოლოოდ, მიაღწია ოქუაშვილმა იმას, რომ აქ დასვა თავისი დირექტორი სრული უფლებებით, რომ ფაქტობრივად, ჩემს ხელმოწერას არანაირი ძალა არ ექნებოდა, თუ არ იქნებოდა თანხმობა ყველა დირექტორის ერთდროულად, მათ შრის, გოგი ქურდაძის.
თავიდანვე მან დაიწყო შანტაჟი, ფაქტობრივად ნიკას აიძულებდა - თუ არ დამთანხმდები და არ დამასმევინებ დირექტორს ისეთი უფლებებით, როგორიც მე მინდა და მე მჭირდება, რომ მე მქონდეს სრული ბერკეტი, მაშინ უბრალოდ არ მოგიწერ ხელს ახალი დირექტორის დანიშვნაზე, მაშინ ტელევიზია დაიხურება, კი ბატონო წადი პოლიტიკაში, ტელევიზიას არ ეყოლება დირექტორი და დაიხურება. რა თქმა უნდა, ნიკა ამას ვერ გააკეთებდა და ბოლოს იძულებული გახადა ამ შანტაჟით ნიკა ამ წესდებას დათანხმებოდა.
მე ვხედავდი ამ საფრთხეს, არასდროს მითქვამს, მაგრამ, როდესაც გოგი ქურდაძე შემოდიოდა ტელევიზიაში, აქ ერთი ამბავი ატყდა ჩემი მხრიდან, მე საერთოდ უარს ვამბობდი ხელმოწერაზე ამ ახალი შეთანხმების და ვამბობდი, მე არ ვიქნები ასეთი შემთხვევაში დირექტორი იმიტომ, რომ მე ვხედავ, რასაც მოიტანს ეს ყველაფერი და სრულიად გასაგებია რატომ სჭირდება ზაზა ოქუაშვილს ასეთი დირექტორი , რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია დაბლოკოს პროცესები არხზე. " აღნიშნა გიორგი გაბუნიამ "ღამის მთავარის" ეთერში.
მისივე თქმით, ვერც ნიკა გვარამია და ვერც თვითონ ვითარებაში ვერ მიატოვებდნენ გუნდს და საბოლო ჯამში იძულებული გახდნენ დათანხმებოდნენ წესების შეცვლას.