
ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემა მძიმე კრიზისშია, ხოლო მასწავლებლების პროფესიული თავისუფლება და უფლებები შეურაცხყოფილია - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მასწავლებლების ნაწილი ავრცელებს. განცხადებაში მასწავლებლები გმობენ ძალადობრივ ქმედებებს და განათლების სექტორის სხვა წარმომადგენლებსაც მოუწოდებენ შეუერთდნენ მათ მოთხოვნებს.
"ჩვენ, საქართველოს მასწავლებლები, ვდგავართ სამართლიანობის, ღირსებისა და დემოკრატიული მომავლის დასაცავად. დღეს ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემა მძიმე კრიზისშია, ხოლო მასწავლებლების პროფესიული თავისუფლება და უფლებები შეურაცხყოფილია.
ჩვენ ვგმობთ
წამებას, გატაცებას და დევნას, რაც განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების მიმართ ხორციელდება.
მასწავლებელთა აბუჩად აგდებას, მათი ჩაგვრასა და დაშინებას, რაც მიზნად ისახავს თავისუფალი აზრის ჩახშობას.
პოლიტიკურ პატიმრობებს, რომლებიც მიმართულია ოპოზიციური და კრიტიკული აზროვნების წინააღმდეგ.
არალეგიტიმური და უნდობლობის მქონე ინსტიტუტების არსებობას, რომელთა საქმიანობა დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
ევროპული მომავლისთვის ბრძოლა
ჩვენი მთავარი ვალდებულებაა, დავიცვათ ბავშვთა უფლებები, თავისუფალი განათლების პრინციპები და დემოკრატიული მომავლის საფუძვლები. ჩვენ ვითხოვთ:
- პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რათა ქვეყანაში აღდგეს სამართლიანობა და ნდობა ინსტიტუტების მიმართ.
- კრიზისის აღმოფხვრას ხელახალი და სამართლიანი არჩევნების გზით, რათა განახლდეს ლეგიტიმური მმართველობა და აღდგეს საზოგადოების ნდობა.
- არალეგიტიმური და უდიპლომო პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტას, რადგან მისი არსებობა სამართლებრივი და დემოკრატიული პრინციპების სრულ იგნორირებას წარმოადგენს და შეურაცხყოფს ყველა სამართლებრივ ნორმას!
ჩვენი მოთხოვნები
1. მასწავლებელთა უფლებების დაცვა: თავისუფალი პროფესიული საქმიანობის უზრუნველყოფა პოლიტიკური ზეწოლის გარეშე.
2. ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა: სკოლებში ევროპული სტანდარტებისა და დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბება.
3. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ძალადობრივი მეთოდების შეწყვეტა.
4. ხელახალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, რათა კრიზისი გადაილახოს და ქვეყანა ევროპულ გზას დაუბრუნდეს.
5. არალეგიტიმური ინსტიტუტების დაშლა და ახლად გამოცხადებული პრეზიდენტის უფლებამოსილების გადახედვა.
ჩვენი ბრძოლა არის ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი ბავშვების უკეთესი განათლებისთვის და დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად.
ერთად დავიცვათ ჩვენი უფლებები და ევროპული მომავალი!"- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კრიტიკოს მასწავლებელთა კლუბის სახელით ვრცელდება.